პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, ბუნდოვანია

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, ბუნდოვანია

ფრაქცია ”ქართული ოცნების” ლიდერის, მამუკა მდინარაძის შეფასებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე ბუნდოვანია.

როგორც მდინარაძემ ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, როდესაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინადადება დაკონკრეტდება, თუ რა სახით მიიღებენ მონაწილეობას სახალხო განხილვებში, ამის შემდეგ შეეძლება პარლამენტს პასუხის გაცემა, მიიღებს თუ არა ამ წინადადებას.

”იმისთვის, რომ ჩვენ ამ წინადადებაზე ადეკვატური და რეალური პასუხი გავცეთ, აუცილებელია პრეზიდენტის ადმინისტრაციამ და პრეზიდენტმა დააზუსტონ, რას გულისხმობენ ამ წინადადებაში. აქ მნიშვნელოვანია, რა ფორმით ჩაერთვებიან - პრეზიდენტი ივლის თუ არა თვითონ საერთო-სახალხო განხილვების დროს დეპუტატებთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად და დააფიქსირებს თუ არა ამ ფორმით თავის აზრს, თუ არა, მაშინ რა ფორმით იქნება ჩართულობა. ამის გაგების შემდეგ შეგვეძლება პასუხის გაცემა გუნდურად, მივიღებთ თუ არა ამ წინადადებას. თქვენ გახსოვთ, რომ პირველივე დღეებიდან საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის პრეზიდენტმა ბოიკოტი გამოუცხადა. გვეჩვენება, რომ ეს წინადადება არის ბუნდოვანი და როდესაც დაკონკრეტდება, გვექნება ადეკვატური რეაგირება”, - განაცხადა მდინარაძემ.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვებში ჩაერთვება, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” პრეზიდენტის პოლიტიკურმა მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ განუცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტი ამასთან დაკავშირებით პარლამენტის შეთავაზებას ელოდება.