ამერიკელი კონგრესმენების ღია წერილი მიუთითებს იმაზე, რომ ისინი საქართველოში მიმდინარე ვითარებას კარგად იცნობენ

ამერიკელი კონგრესმენების ღია წერილი მიუთითებს იმაზე, რომ ისინი საქართველოში მიმდინარე ვითარებას კარგად იცნობენ

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ამერიკელი კონგრესმენების ღია წერილი მიუთითებს იმაზე, რომ ისინი საქართველოში მიმდინარე ვითარებას კარგად იცნობენ.

როგორც ვოლსკიმ პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, აშშ საქართველოს, როგორც თავის პარტნიორ ქვეყანას, თანადგომას ყოველთვის უწევდა.

„ამერიკელი კონგრესმენები პოლიტიკოსები არიან, რომლებიც რეგიონში ვითარებას კარგად იცნობენ და სისტემაში ღრმად იყურებიან. გადაწყვეტილება იყო მიღებული, რომ USAID-ის დაფინანსება შემცირდეს, რაც საერთო სურათში საქართველოზეც იმოქმედებს. საქართველოს სჭირდება არა მხოლოდ ზედაპირული, არამედ სიღრმისეული მხარდაჭერა და თანადგომა, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები თავის პარტნიორ ქვეყანას ყოველთვის უწევდა, როგორც დამოკიდებულებით, ასევე უფრო მეტად პრაგმატული ინტერესით, რაც ამერიკას საქართველოში გააჩნია და რაც მნიშვნელოვანწილად რეგიონში მიმდინარე პროცესებს ემთხვევა,” - განაცხადა გია ვოლსკიმ.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის 30-მა კონგრესმენმა აშშ-სა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისა და ორ ქვეყანას შორის მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის აღსანიშნავად, დღეს, საქართველოს მხარდამჭერი წერილით პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეების ტედ პოსა (რესპუბლიკელი-ტეხასის შტატი) და ჯერალდ კონოლის (დემოკრატი-ვირჯინიის შტატი) მიერ ინიცირებული წერილი წარმოადგენს საქართველოსადმი აშშ-ის ორპარტიული ურყევი მხარდაჭერის კიდევ ერთ მკაფიო მაგალითს, რომელსაც ხელს აწერენ როგორც აშშ-ის „რესპუბლიკელი“, ასევე „დემოკრატი“ კონგრესმენები.