გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს ბუნდესტაგის არჩევნებზე, რომელიც 2017 წლის სექტემბერში გაიმართება, საგარეო გავლენები არ აშინებს.
“მე არ მივეკუთვნები იმ ადამიანებს, ვისაც ეშინიათ. რა თქმა უნდა, რუსეთის სამხედრო დოქტრინაში ჰიბრიდული ომის წარმოება გარკვეულ როლს თამაშობს, მაგრამ მე დარწმუნებით გამოვდივარ იქიდან, რომ ჩვენ გერმანიაში თავად ჩავატარებთ წინასაარჩევნო კამპანიას“, - განაცხადა მერკელმა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
კანცლერმა აღნიშნა, რომ თუ რუსეთის მხრიდან გერმანიის მიმართ ადგილი ექნება უხეშ დეზინფორმაციას, გერმანია ამ საკითხით „დაკავდება“.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კი, გერმანელი ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც რუსეთის გეგმებს უკავშირდება გერმანიის პოლიტიკურ ბრძოლაში ჩარევასთან დაკავშირებით, განაცხადა: „თქვენ ეყრდნობით აშშ-ს მაგალითს, რომელსაც ვერავინ და ვერაფერი ადასტურებს. ეს უბრალოდ ხმებია, რომლებიც გამოიყენება ამერიკის შიდაპოლიტიკურ ბრძოლაში და თქვენ უსაფუძვლოდ ვარაუდობთ ევროპულ ქვეყნებთან მიმართებაში, მათ შორის ისეთ მეგობრულ ქვეყანაზე, როგორიც გერმანიაა. ეს სულ მცირე, უცნაურია“, - განაცხადა პუტინმა.