საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარედ კახი ბექაური აირჩიეს. მას მხარი კომისიის სრულმა შემადგენლობამ - ხუთივე წევრმა დაუჭირა. კენჭისყრა ფარული იყო.
კომისიის თავმჯდომარის არჩევნებში მხოლოდ კახი ბექაურის კანდიდატურა იყო დარეგისტირებული, რომელიც კომისიის წევრებმა კომისიის დებულების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ერთობლივად წარადგინეს.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს ირჩევს თავად კომისია, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, სამი წლის ვადით. ერთი და იგივე პირი არ შეიძლება არჩეულ იქნეს კომისიის თავმჯდომარედ ერთზე მეტი ვადით.
კომისიის თავმჯდომარე დღემდე ვახტანგ აბაშიძე იყო.
კომისიის თავმჯდომარის არჩევნების ხმის დამთვლელი კომისია ჩამოყალიბებულია კომისიის გადაწყვეტილებით და ის დაკომპლექტებულია კომისიის აპარატში დასაქმებული პირებით.