საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ კენჭისყრისას მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებმა მისცეს ხმა

საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ კენჭისყრისას მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებმა მისცეს ხმა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი საკონსტიტუციო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს” შეფასებას ეხმაურება.

როგორც თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს თემაზე კომენტირებისას განუცხადა, ცვლილებების ვერსიას არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა ყველამ მხარი დაუჭირა.

მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციებიც კი არ ემხრობიან, რომ დღეს მოქმედი კონსტიტუცია დარჩეს.

”ერთპიროვნულს ვერ დავარქმევდი, რადგან კომისიაში საბოლოო კენჭისყრაზე ჩვენი წარმომადგენლების გარდა ბევრი სხვა ადამიანი იყო ექსპერტების, თუ სხვადასხვა პირების სახით, ვინც პროექტს მხარი დაუჭირა. მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებმა მისცეს კენჭისყრაში წინააღმდეგ ხმა. კომისიის ყველა დანარჩენი წევრი დაეთანხმა შემოთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას. მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო გამჭვრივალობის ჩათვლით არც ერთი წევრი არ დაეთანხმა მოქმედი კონსტიტუციის დატოვებას. ყველამ წინააღმდეგ მისცა ხმა, რომ დარჩეს დღეს მოქმედი კონსტიტუცია, რაც ნიშნავს, რომ შემოთავაზებული ცვლილებები ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია”, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, წინ სამუშაო პროცესია როგორც საერთო სახალხო განხილვის ფორმით, ასევე საპარლამენტო მუშაობის მიმართულებით. პარლამენტის ვიცე-სპიკერი პროცესში არ გამორიცხავს, რომ პროექტში გარკვეული ცვლილებები აისახოს. მისივე თქმით, საბოლოო პროდუქტი იქნება ის, რასაც სამი მოსმენით კენჭი ეყრება.