ჩემს მეუღლეს აქვს შესაბამისი განათლება, გამოცდილება, კვალიფიკაცია და თუ ადამიანი მუშაობს საჯარო სამსახურში, არა მგონია, ეს ვინმეს გასარჩევი იყოს, მით უფრო - ირმა ნადირაშვილის, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ქართული ოცნების“ წევრმა, დეპუტატმა თამარ ხულორდავამ განუცხადა, რითაც „ევროპული საქართველოს“ წევრის ირმა ნადირაშვილის კრიტიკას გამოეხმაურა.
თამარ ხულორდავას განმარტებით, კვალიფიკაციიდან გამომდინარე, მის მეუღლეს საჯარო სამსახურში მუშაობის კვალიფიკაციაც აქვს და კერძო სექტორშიც, ამიტომ ოპოზიციონერი დეპუტატების „უსინდისო განცხადებებზე“ პასუხის გაცემას აღარ აპირებს.
„საერთოდ, მგონია, რომ არ ღირს პასუხი ამ უსინდისო განცხადებაზე. დაგიდასტურებთ, რომ ჩემი მეუღლე ამჟამად, თავდაცვის სამინისტროში მოვალეობის შემსრულებლად არის დანიშნული, სხვათა შორის, რიგით პოზიციაზე, და არა რაღაც თანამდებობაზე, როგორც ეს განაცხადა ნადირაშვილმა. ის კონკურსში მონაწილეობს, რომლის შედეგებიც ჯერ ცნობილი არ არის. ჩემი მეუღლე არაერთ ადგილზე მუშაობდა, მათ შორის თბილისის მერიაში, საიდანაც 2005 წელს უკანონოდ იქნა გათავისუფლებული. მან სასამართლოც მოიგო და სახელმწიფოსგან კომპენსაცია აიღო. შემდეგ არაერთ კერძო კომპანიაში მუშაობდა, ბოლოს კი - „თიბისი ბანკში“. მას თავისი კერძო კომპანიაც ჰქონდა, ასე რომ, ჩემი მეუღლის კვალიფიკაცია ნამდვილად არავისში არ უნდა იწვევდეს კითხვის ნიშნებს“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.
„ევროპული საქართველოს“ წევრის ირმა ნადირაშვილის განცხადებით, თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას ბრძანებით, გენერალურ ინსპექციაში სოფიო კილაძის მეუღლე ავთანდილ ხარაძე და თამარ ხულორდავას მეუღლე ლევან ვახტანგაძე დაინიშნენ.
ირმა ნადირაშვილი ნეპოტიზმზე საუბრობს და თავდაცვის მინისტრთან კითხვები აქვს, რა ნიშნით განხორციელდა დეპუტატების მეუღლეების საჯარო სამსახურში დანიშვნა.
„ჩვენ გვაქვს კითხვები მინისტრთან, რა ნიშნით მოხდა ამ ადამიანების აყვანა თავდაცვის სამინისტროში, რა ნიშნით განახორციელა მინისტრმა ეს დანიშვნები. ჩვენ გვაქვს კითხვები კოლეგებთანაც, რა როლი შეასრულეს მათ მეუღლეების საჯარო სამსახურში მოწყობასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ ორივე მათგანი საჯარო სამსახურში მას შემდეგ დაინიშნა, რაც მათი მეუღლეები „ქართული ოცნების“ ახალი სახეები გახდნენ. რაც განსაკუთრებით შემაშფოთებელია, ეს დანიშვნები განხორციელდა თებერვლის თვეში მაშინ, როცა მასშტაბური შემცირებები იყო თავდაცვის სამინისტროში და ბევრი კვალიფიციური ადამიანი დარჩა სამსახურის გარეშე“, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.