ქართველები და ამერიკელები გაერთიანებული ვართ უამრავი ღირებულებებით

ქართველები და ამერიკელები გაერთიანებული ვართ უამრავი ღირებულებებით

ეს ისტორიული და მნიშვნელოვანი დღეა, 25 წლის წინ ჩვენ საძირკველი ჩავუყარეთ სტრატეგიულ მეგობრობასა და პარტნიორობას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველო-ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ, ქართველები და ამერიკელები, გაერთიანებული ვართ უამრავი ღირებულებებით. ჩვენ ვაფასებთ თავისუფლებას, დამოუკიდებლობას, ჩვენი ხალხის თავისუფალ არჩევანს. ჩვენ მზად ვართ მტკიცედ დავიცვათ ეს არჩევანი“, - აღნიშნა მარგველაშვილმა.

„ამერიკელ მეგობრებთან ერთად ჩვენ ბევრს მივაღწიეთ ამ 25 წლის განმავლობაში. ჩვენ რეალურად ეფექტური ევროპული სახელმწიფოს განვითარება დავიწყეთ. ჩვენ შემდგომი ნაბიჯები გადავდგით საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. ამერიკელი მეგობრებისა და მოკავშირეების დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

„ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მნიშვნელოვან გამარჯვებას მივაღწიეთ საერთაშორისო ასპარეზზე. ამერიკელ მეგობრებთან და სხვა ქვეყნებთან ერთად იმ წერტილს მივაღწიეთ, როდესაც არც ერთი ქვეყანა ეჭვქვეშ არ აყენებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ეს საქართველოს გამარჯვებაა. ჩვენ კიდევ ბევრი გვაქვს ამ კუთხით გასაკეთებელი. ჩვენ გაერთიანებულნი უნდა ვიყოთ, როდესაც საქმე საერთო მიზნებისა და ღირებულებების დაცვას ეხება. რუსეთის აგრესიულმა საგარეო პოლიტიკამ მეზობლების მიმართ ცხადყო, რომ საქართველო არ იყო ერთადერთი შემთხვევა. უკრაინისა და სირიის შემდეგ ჩვენ ვხედავთ, რომ საჭიროა ერთიანად ვიდგეთ როდესაც აგრესიის ფაქტებს ან მცდელობას ვუპირისპირდებით“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

„ამ წლის დასაწყისში ამერიკელი სენატორების ვიზიტმა გვიჩვენა, რომ აშშ და საქართველო ერთ პოზიციებზე დგანან და ერთ ღირებულებებს იზიარებენ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენი პარტნიორობა საერთო ღირებულებებზე დგას. ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებისას მაგალითად ყოველთვის აშშ გვქონდა. აღფრთოვანებული ვარ იმით თუ როგორ განავითარა აშშ-მა თავისი სახელმწიფოებრიობა, დემოკრატია. დღეს, როდესაც საქართველოს მომავალზე ვსაუბრობთ, გვსურს ვიყოთ სახელმწიფო, სადაც ინსტიტუტები გაძლიერებულია, დემოკრატია ეფექტურია და ხალხი გაერთიანებულია დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოების მიზნის ირგვლივ. ამ გზაზე აშშ საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია“, - აღნიშნა მარგველაშვილმა.