აშშ-ს, საქართველოს სახით, ჰყავს სტაბილური გეოპოლიტიკური მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორი

აშშ-ს, საქართველოს სახით, ჰყავს სტაბილური გეოპოლიტიკური მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორი

აშშ-ს, საქართველოს სახით, ჰყავს სტაბილური გეოპოლიტიკური მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც იზიარებს ამერიკის ღირებულებებს და გლობალურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პრიორიტეტებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აშშ-ის გაცვლითი პროგრამების მონაწილეთა ლიდერობის ფორუმზე განაცხადა.

„დღეს საქართველო არის აშშ-ის სტრატეგიული მოკავშირე. დღევანდელი საქართველო სრულიად განსხვავდება იმისგან, რასაც ის წარმოადგენდა 20 წლის წინ. ყველა სფეროში მიღწეულია სერიოზული პროგრესი, დაწყებული ჯანდაცვითა და განათლებით და დამთავრებული ეკონომიკით, დემოკრატიით, კანონის უზენაესობითა და ადამიანის უფლებათა დაცვით. ეს მიღწევები იოლად არ მოგვეცა. ჩვენ გააფთრებული ბრძოლა გვიწევდა ბევრი ძალის წინააღმდეგ, სამწუხაროდ, როგორც გარეთ, ისე შინ, რომლებიც ცდილობდნენ ამ პროცესების შეფერხებას. ჩვენმა ერთგულმა ამერიკელმა მეგობრებმა კი ამ გზაზე უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულეს. მართალია, წინ დიდი სამუშაო გველის, მაგრამ აუცილებლად უნდა მოვახსენო დიდი მადლობა ამერიკის შეერთებულ შტატებს თანადგომისთვის ჩვენი უახლესი ისტორიის ყველაზე დრამატულ მომენტებში, აქტიური მხარდაჭერისა და წვლილისთვის საქართველოს წარმატების ისტორიის ხორცშესხმაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, მიუხედავად გარე გამოწვევებისა, საქართველოში არასოდეს განელებულა სწრაფვა მშვიდობისკენ როგორც შინ, ისე მთლიანად რეგიონში და სწორედ ეს არის ის საერთო მიზანი, რომელიც ჩვენ გვაკავშირებს ამერიკასთან.

„ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას უდიდესი, არსებითი მნიშვნელობა აქვს ჩვენი წარმატებისთვის და ამერიკა ჩვენი უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორია. შედეგად, ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰყავს ერთგული მეგობარი საქართველოს სახით, სტაბილური გეოპოლიტიკური მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც იზიარებს ამერიკის ღირებულებებს და გლობალურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პრიორიტეტებს. ჩვენ თქვენს გვერდით ვმსახურობთ ავღანეთსა და ერაყში. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე. ჩვენ ვართ რთულ რეგიონში დემოკრატიული ღირებულებების, სტაბილურობისა და პროგრესის მაგალითი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ის ცდილობს, ილინოისის უნივერსიტეტში მიღებული სტუდენტური გამოცდილება გამოიყენოს, რათა წვლილი შეიტანოს ორ ქვეყანას შორის არსებული ხიდის განმტკიცებაში. პრემიერი სასიამოვნო დამთხვევად აფასებს იმ ფაქტს, რომ მასაც და აშშ-ის ელჩს საქართველოში იან კელისაც მჭიდრო კავშირები აქვთ ილინოისთან.

„დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ამერიკული გამოცდილება არა მხოლოდ სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყანას, არამედ აიყვანს კიდეც ჩვენს პარტნიორობას ახალ საფეხურზე და ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს აქცევს რეგიონში და მის საზღვრებს გარეთ სტაბილურობის, ეკონომიკური განვითარებისა და დემოკრატიზაციის ურყევ ბურჯად“, - დასძინა გიორგი კვირიკაშვილმა.