ფასდაუდებელია ის გავლენა, რაც აშშ-ის მიერ დაფინანსებულმა საგანმანათლებლო პროგრამებმა იქონია დემოკრატიული საქართველოს განვითარებაზე

ფასდაუდებელია ის გავლენა, რაც აშშ-ის მიერ დაფინანსებულმა საგანმანათლებლო პროგრამებმა იქონია დემოკრატიული საქართველოს განვითარებაზე

ფასდაუდებელია ის გავლენა, რაც აშშ-ის მიერ დაფინანსებულმა საგანმანათლებლო პროგრამებმა იქონია დემოკრატიული საქართველოს განვითარებაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აშშ-ის გაცვლითი პროგრამების მონაწილეთა ლიდერობის ფორუმზე განაცხადა.

„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე წლისთავს. ფასდაუდებელია ის გავლენა, რომელიც აშშ-ის მიერ დაფინანსებულმა საგანმანათლებლო პროგრამებმა იქონია ჩვენს ცხოვრებაზე და დემოკრატიული საქართველოს განვითარებაზე“, - განაცხადა კვირიკაშვილმა და ამ კონტექსტში საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრა. პრემიერის თქმით, 1995 წელს პირველად გაიცნო ამერიკა, როდესაც საქართველოს საბანკო საქმის ტრენინგის პროგრამაში მიიღო მონაწილეობა.

„მე წილად მხვდა პატივი და შეიძლება ითქვას, უფრო გამიმართლა, ვყოფილიყავი იმ ათ ქართველ სტუდენტს შორის, რომლებიც სამოქალაქო ომისა და ნგრევის შემდეგ პირდაპირ აშშ-ში ჩავიდნენ. ძალიან რთულია იმ ემოციების გადმოცემა, რომლებიც ჩვენ ყველას დაგვეუფლა ამერიკაში ჩასვლისთანავე. ერთი თვის განმავლობაში ჩვენ კალიფორნიის დევისის უნივერსიტეტში ვესწრებოდით ლიდერობის, საბაზრო ეკონომიკის ლექციებს. შემდეგ დაგვაწყვილეს და გაგვაგზავნეს სხვადასხვა ქალაქში, ზოგი ლოს-ანჟელესში, ზოგიც სან-ფრანცისკოში. ორი ჩვენგანი კი, ჩემი ჩათვლით, აღმოვჩნდით ფრეზნოში, კალიფორნიის შტატის სოფლის მეურნეობის ცენტრში. ჩემი ერთ-ერთი მეგობარი ხუმრობდა კიდეც, კახეთიდან ჩამოვედი აქ, ვენახებით გარშემორტყმულ ადგილასო. ჩვენ ვეხუმრებოდით, რომ ეს ადგილი ზუსტად მასზე იყო მორგებული. ხუმრობის გარეშე კი მინდა გითხრათ, რომ იქ შეძენილი გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჩემს საბანკო კარიერაში, რადანაც ის დაკავშირებული იყო სასოფლო-სამეურნეო სესხებთან“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, ზემოაღნიშნულმა გამოცდილებამ გადამწყვეტი როლი შეასრულა მის კარიერაში - გადაწყვიტა სამაგისტრო პროგრამაში მონაწილეობის მიღება ამერიკის შეერთებულ შტატებში და 1997 წელს შეიტანა განაცხადი ედმუნდ მასკის სასტიპენდიო პროგრამაში.

„ეს იყო სპეციალური სამეცნიერო და საფინანსო სამაგისტრო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მე წელიწადზე ოდნავ მეტი გავატარე ილინოისის უნივერსიტეტში, კერძოდ, ურბანა-შამპეინში, რომელიც არის ერთ-ერთი უძველესი ამერიკული უნივერსიტეტი და ეს გამოცდილება მართლაც უნიკალური აღმოჩნდა ჩემს ცხოვრებაში. როდესაც ჩავედი, წარმოდგენაც არ მქონდა, რომ სწორედ იქ იწყებოდა ახალი ეტაპი ჩემს ცხოვრებაში. შევიძინე მეგობრები მთელი მსოფლიოდან. ვესწრებოდი ლექციებს, რომლებმაც მომცა ის გამოცდილება და ცოდნა, რომელიც იმ დროს ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, ბევრისთვის არ იყო ხელმისაწვდომი. ჩვენ გვასწავლიდნენ საუკეთესო პროფესორები, ხოლო ილინოისის უნივერსიტეტი ცნობილია იმით, რომ მას ძალიან ხშირად სტუმრობენ წამყვანი ამერიკული კომპანიების აღმასრულებელი დირექტორები. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ამ გამოცდილებას მე არასდროს დავივიწყებ“, - განაცხადა კვირიკაშილმა.

მისივე თქმით, უცხოეთში ყოფნისას ჩვენ ვიქცევით ჩვენი სამშობლოს ელჩებად.

„მაგალითად, გავიხსენებ დროს, როცა მსოფლიოში ცნობილი სუხიშვილების დასი ამერიკაში მართავდა ტურს და კრენერტ ცენტრში გამოდიოდა და ჩემი 16 თანაკურსელი და უნივერსიტეტის სხვა სტუდენტებიც, ჩემი მეგობრები, დავპატიჟე კონცერტზე. მიუხედავად იმისა, რომ ფინანსურად ეს საკმაოდ რთული იყო ჩემთვის, მაინც გადავწყვიტე, რომ ჩემი მეგობრები უნდა იცნობდნენ ჩემი ქვეყნის კულტურას. არასდროს მინანია, რომ ისინი იმ დღეს კონცერტზე დავპატიჟე, მიუხედავად იმისა, რომ საკრედიტო ბარათზე ამ კონცერტთან დაკავშირებული დავალიანების დასაფარად რამდენიმე წელი დამჭირდა. მიუხედავად ამისა, ეს იყო უნიკალური გამოცდილება. მახსოვს, ცრემლმორეული, რა სიამაყით ვუყურებდი, როგორ ეზიარებოდნენ ჩემი მეგობრები ქართულ კულტურას. ბევრი მათგანი ამ კონცერტის შემდეგ ჩამოვიდა საქართველოში. გარდა ამისა, ეს პროგრამა იყო უნიკალური გამოცდილება, რადგანაც მან მომცა ის ცოდნა და უნარები, რომლებიც მე შემდეგ გამოვიყენე ჩემს კარიერაში არა მარტო საბანკო სექტორში, არამედ კონსულტანტის სტატუსითაც, როცა კონსულტაციებს ვუწევდი სხვა ქვეყნებს საპენსიო სისტემის სტრუქტურის ჩამოყალიბებასთან, ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებასა და საფინანსო სექტორის რეფორმასთან დაკავშირებით, ასევე, ჩემს პოლიტიკურ კარიერაშიც, როცა გავხდი პარლამენტარი და რა საკვირველია, როცა გავხდი ეკონომიკის მინისტრი და ჩავები ამ ქვეყნის რეფორმების დღის წესრიგის განხორციელებაში. ეს გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რათა საქართველო სამოქალაქო ომის ცეცხლში გახვეული ქვეყნიდან გარდაქმნილიყო დინამიკურ, სწრაფი განვითარების გზაზე მდგარ, დემოკრატიულ, დასავლურ სახელმწიფოდ“, - განაცხადა პრემიერმა.