საქართველო იზიარებს იმ ღირებულებებს, რაც ასევე არის ამერიკული ღირებულებები

საქართველო იზიარებს იმ ღირებულებებს, რაც ასევე არის ამერიკული ღირებულებები

ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს - ეს არის ძალიან ღრმა და ფართო ურთიერთობები, განსაკუთრებით იმიტომ, რომ საქართველო იზიარებს იმ ღირებულებებს, რაც ასევე არის ამერიკული ღირებულებები, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ ამერიკა-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილის აღსანიშნავ ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც იან კელიმ განმარტა, ამერიკული ღირებულებებია დემოკრატია, ანგარიშვალდებული სახელმწიფო, თავისუფალი ბაზარი და სხვა, რის გასაღრმავებლადაც ამერიკამ საქართველოში 4 მილიარდ დოლარამდე დახმარება განახორციელა.

„რა თქმა უნდა, იყო გარკვეული სიძნელეები ამ გზაზე და სწორედ ამიტომაც, ამერიკა ეხმარებოდა საქართველოს, იდგა მის გვერდით და განახორციელა დაახლოებით, 4 მილიარდი დოლარის დახმარება და ინვესტიცია საქართველოში. ჩვენ ძალიან ვაფასებთ პოზიტიურ ცვლილებებს საქართველოში და ჩვენი თანამშრომლობა რა თქმა უნდა, გაგრძელდება“, - განაცხადა იან კელიმ.

ამერიკა-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღნიშნა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი და თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე.