საზოგადოებამ უნდა იცოდეს, აპირებს თუ არა გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში კიდევ ერთხელ მონაწილეობას, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.
თალაკვაძის თქმით, საინტერესო იქნება, პრეზიდენტმა განაცხადოს, ფიქრობს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას და რომელი მოდელით ესახება მას არჩევნებში გამარჯვება.
“ჩვენთვის ჯერჯერობოთ უცნობია და არ მოგვისმენია პრეზიდენტის პოზიცია და გეგმა, აპირებს თუ არა ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, მონაწილეობის შემთხვევაში, არჩევის რომელ მოდელს ანიჭებას უპირატესობას და რომელი მოდელით ფიქრობს ის არჩევნებში გამარჯვებას. თუკი ის არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს, ეს პოზიციაც უნდა იცოდეს საზოგადოებამ. კომპრომისი პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით მოხდა იმ მიზეზებთან მიმართებით, რომლითაც ცდილობენ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებები. ეს ცვლილებები კეთდებოდა და გაკეთდება მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის გრძელვადიანი და სტაბილური დემოკრატიული განვითარების იდეით და არა ერთ ან ორ ადამიანზე მორგებული ინტერესებიდან გამომდინარე. ეს კითხვის ნიშნები რომ მოხსნილიყო, ამისთვის გაჟღერდა ეს კომპრომისული პოზიცია. დღეს, როგორც ჩანს, ამას პრეზიდენტის ადმინისტრაცია კომპრომისად აღარ მიიჩნევს და შესაძლოა, ამ კომპრომისს აზრი დაეკარგოს“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ არჩილ თალაკვაძემ.