სამწუხაროდ, პარლამენტის თავმჯდომარეს აწვდიან აბსოლუტურად არასწორ ინფორმაციას აბსოლუტურად არასწორი აქცენტებით

სამწუხაროდ, პარლამენტის თავმჯდომარეს აწვდიან აბსოლუტურად არასწორ ინფორმაციას აბსოლუტურად არასწორი აქცენტებით

სამწუხაროდ, არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს აწვდიან აბსოლუტურად არასწორ ინფორმაციას აბსოლუტურად არასწორი აქცენტებით, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა ირაკლი კობახიძის კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც გიორგი აბაშიშვილმა განმარტა, კამპანიის „კონსტიტუცია ყველასია“ ფარგლებში მონაწილეობა არაერთხელ შესთავაზეს ირაკლი კობახიძეს და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს, თუმცა მათგან უარი მიიღეს.

„კამპანიის, „კონსტიტუცია ყველასია“ ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი მთელი საქართველოს მასშტაბით მართავს შეხვედრებს პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ექსპერტებთან. ეს შეხვედრები არის უპრეცენდენტოდ გამჭვირვალე, მასში ჩართულია ქართული მედია და ჩვენ როგორც საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეს ისე, საპარლამენტო უმრავლეოსობას არაერთხელ შევთავაზეთ ამ შეხვედრებში მონაწილეობა. მინდა, რომ კიდევ ერთხელ ეს შეთავაზება იყოს ძალაში“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

დღეს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გიორგი აბაშიშვილი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ კამპანიას პოლიტიკურ პარტიებთან ერთად გეგმავდა.

„პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის შედგა შეხვედრა, სადაც ისინი შეთანხმდნენ, თუ როგორ უნდა დაგეგმონ კამპანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმით, პრეზიდენტმა თავდაპირველად დაიწყო კამპანია საკონსტიტუციო კომისიის წინააღმდეგ, რომელიც, „როგორც ჩანს, გაგრძელდება პარლამენტის წინააღმდეგ“.