მოსამართლეობა თმენის ვალდებულებას გულისხმობს, მაგრამ თმენის ვალდებულების საზღვრები არსებობს, მოსამართლეებსაც აქვთ ღირსება, ჰყავთ ოჯახის წევრები

მოსამართლეობა თმენის ვალდებულებას გულისხმობს, მაგრამ თმენის ვალდებულების საზღვრები არსებობს, მოსამართლეებსაც აქვთ ღირსება, ჰყავთ ოჯახის წევრები

ჯერ ის ისტერია უნდა დამთავრდეს, რაც მოყვა ჩვენი ინიციატივის გამოქვეყნებას - ისტერიაში ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენი მოთხოვნაც კი არ იქნა სწორად აღქმული, ჩვენ არანაირი სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას არ ვითხოვთ, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა მერაბ გაბინაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინიციატივაზე გამოთქმული კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა.

მისი განცხადებით, მოსამართლეები დაცული უნდა იყვნენ პიროვნული შეურაცხყოფისგან ზუსტად ისე, როგორც საზოგადოების სხვა წევრები.

”სასაცილოც კი იქნებოდა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრებს ისეთი მნიშვნელოვანი უფლების შეზღუდვაზე ესაუბრათ, როგორიც არის სიტყვის გამოხატვის თავისუფლება. ჩვენ სხვა რამეზე გვაქვს აქცენტი გაკეთებული და ვამბობთ, რომ არგუმენტირებული და სამართლებრივი კრიტიკა შეიძლება მოჰყვეს მოსამართლის გადაწყვეტილებას, რაც აუცილებლად უნდა გაიმიჯნოს პიროვნული შეურაცხყოფისგან. პიროვნული შეურაცხყოფა არ არის გამოხატვის თავისუფლება. გამოხატვის თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც სხვისი უფლების დარღვევა იწყება. ძველ ბერძნებს აქვთ გამონათქვამი- ”შენი უფლება იქნიო ხელები მთავრდება იქ, სადაც ჩემი ცხვირი იწყება”. ჩვენ ვამბობთ, რომ გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში სასამართლო ღიაა კრიტიკისთვის. გარდა ამისა, სულ იქნება კრიტიკა იმიტომ, რომ მხარეებიდან ერთ-ერთს არ მოსწონს მოსამართლის გადაწყვეტილება, მაგრამ ჩვენ ვაპირებთ, რომ არც ერთ შემთხვევაში არ შევეგუოთ იმ დაუმსახურებელ პიროვნულ შეურაცხყოფებას, რომელიც აბსოლუტურად განსხვავებული ქმედებაა”, - განაცხადა მერაბ გაბინაშვილმა.

როგორც იუსტიციის საბჭოს წევრმა განაცხადა, მას ისეთი განცდა რჩება, რომ სასამართლოსთან არგუმენტირებული, სამართლებრივი საუბრები უფრო ძნელია, ვიდრე შეურაცხყოფების ენაზე საუბარი.

”მოსამართლეობა, საჯარო მოხელეობა თმენის ვალდებულებებს გულისხმობს, მაგრამ თმენის ვალდებულებების საზღვრები არსებობს. მოსამართლეებსაც აქვთ ღირსება, ჰყავთ ოჯახის წევრები, ჩვენც გვაქვს ჩვენი პირადი ცხოვრება, ჩვენი პირადი ღირსების შეგრძნება, რომლის დასაცავადაც ყველაფერს გავაკეთებთ”, - განაცხადა მერაბ გაბინაშვილმა.