საქმე იქითკენ მიდის, რომ 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნები პირდაპირი წესით აღარ გაიმართება

საქმე იქითკენ მიდის, რომ 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნები პირდაპირი წესით აღარ გაიმართება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქმე იქითკენ მიდის, რომ 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნები პირდაპირი წესით აღარ გაიმართება.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „მმართველმა ძალამ მიიღო კომპრომისული გადაწყვეტილება, რომ 2018 წელს ჩატარებულიყო პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები, თუმცა ამ კომპრომისულ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება პრეზიდენტი პოლიტიკური ოპონენტების მეშვეობით, რომლებიც პრეზიდენტის ქოლგის ქვეშ პირდაპირ შეტევას ახოციელებენ პარლამენტისა და საკონსტიტუციო კომისიის წინააღმდეგ“.

”საქმე სწორედ აქეთკენ მიდის, არასწორი ნაბიჯები იდგმება ჩვენი ოპონენტების მხრიდან პრეზიდენტის თაოსნობით. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. პრეზიდენტი, რომელიც უნდა იყოს ზეპარტიული ფიგურა, პარტიებს ხვდება ადმინისტრაციის მეშვეობით, რომლის სტატუსი საერთოდ გაუგებარია, ასევე ხვდება ე.წ. ექსპერტებს და თანხმდება, თუ როგორ უნდა მიიტანოს შეტევა საქართველოს პარლამენტზე. თუ ეს პროცესები გაგრძლდება, ყოველგვარი აზრი დაეკარგება კომპრომისს და გადავალთ იმ სისტემაზე, რომელიც ყოველგვარი სისტემური თვალსაზრისით არის სწორი. მით უმეტეს, კონტრარგუმენტი ვერ მოვისმინეთ ამასთან დაკავშირებით ”, - განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ „კომპრომისს აზრი არ დაეკარგება“.

”იმედი მაქვს, რომ კომპრომისს აზრი არ დაეკარგება და არ გაგრძელდება არასწორი ქმედებები ოპონენტების მხრიდან, რაც ხდება პრეზიდენტის ქოლგის ქვეშ”, - განაცხადა კობახიძემ.