ბიზნესასოციაციის წევრებთან შეხვედრა პირველ რიგში გვქონდა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბიზნესასოციაციის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ასევე განიხილეს სხვა საკითხები, რომელიც ეხება საქართველოს კანონმდებლობას და იმ ნორმებს, რომელიც ეკონომიკურ ურთიერთობებს არეგულირებს.
"ჩვენ შევთანხმდით თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატზე. პარლამენტი იქნება აბსოლუტურად ღია და გახსნილი ბიზნესთან თანამშრომლობისთვის. მთავარია, ჩვენ ჩამოვაყალიბოთ ძალიან ქმედითი ფორმატი იმისთვის, რომ წინასწარ განვიხილოთ ყველა ის ინიციატივა, რომელიც დაკავშირებულია ბიზნესის ინტერესებთან",- განაცხადა კობახიძემ.