თბილისში საქართველო-მოლდოვას ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართება

თბილისში საქართველო-მოლდოვას ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართება

28 აპრილს საქართველო-მოლდოვას ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართება. მხარეთა შორის დიალოგის ამ ფორმატის შექმნაზე გადაწყვეტილება საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობებმა მიიღეს.

საქართველოს მხრიდან კომისიის პირველ სხდომას  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, ხოლო მოლდოვას რესპუბლიკის მხრიდან კი რეგიონული განვითარებისა და მშენებლობის მინისტრი ვასილე ბიტკა უხელმძღვანელებენ. სხდომაში, ასევე, მონაწილეობას  ორივე ქვეყნის სხვადასხვა უწყებების ხელმძღვანელი პირები და ექსპერტები მიიღებენ.

კომისიის ფარგლებში დაგეგმილია „საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის ერთობლივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის დაფუძნების შესახებ“ შეთანხმების ხელმოწერა.

სხდომის ფარგლებში, მხარეები ეკონომიკური თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებს განიხილავენ. მათ შორის, ორ ქვეყანას შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ მდგომარეობას, საექსპორტო შესაძლებლობებსა და შემდგომი განვითარებისა და გაზრდის გზებზე იმსჯელებენ. ასევე, მიმოიხილავენ სამრეწველო, მათ შორის აგროსამრეწველო, კვების მრეწველობის მიმართულებით არსებულ მდგომარეობას. სხდომაზე განხილული იქნება ასევე, ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების  საკითხები ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ტრანსპორტი, ტურიზმი, ენერგეტიკის სექტორი, კავშირგაბმულობა და ინოვაციები, გარემოს დაცვა, კულტურისა და განათლების საკითხები და სხვა.

სხდომის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია, „საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების ხელმოწერა.