დაიყოფა თუ არა თბილისი მდიდრების და ღარიბების უბნებად - ვინ აკეთებს და ვისთვის კეთდება

დაიყოფა თუ არა თბილისი მდიდრების და ღარიბების უბნებად - ვინ აკეთებს და ვისთვის კეთდება "გენგეგმა?!

„ჩვენ ვქმნით თბილისის კონსტიტუციას“ - ასეთი ამბიციური განაცხადით წარსდგა ქართული საზოგადოების წინაშე თბილისის მერია და საზოგადოებას ამცნო, რომ თბილისის გენერალური გეგმის განახლებაზე კონკურსი გამოცხადდა.

მერიის არქიტექტურის სამსახურმა გენერალური გეგმის განახლებაზე კონკურსი 2015 წლის მაისში გამოაცხადა. განაცხადების შეტანის ბოლო ვადად კი 1 აგვისტო დასახელდა. საერთაშორისო კონკურსში 11 საკონკურსო წინადადება იყო წარდგენილი.

„თბილისის კონსტიტუციის“ განახლების პატივი წილად იურიდიულ პირთა ინტერნაციონალურ გაერთიანება „მომავლის ქალაქს“ ხვდა წილად. გაერთიანებაში 9 ჯგუფია, მათგან უმეტესობა უცხოური ორგანიზაციებია, რომელთა შესახებ მონაცემები ბუნებრივია, საქართველოს საჯარო რეესტრში არ იძებნება და მერიაც მათთან დაკავშირებით მხოლოდ მწირი კომენტარით შემოიფარგლება ხოლმე პერიოდულად. უბრალოდ ამბობენ, რომ მათ საკმაოდ მდიდარი ბეგრაუნდი აქვთ.

თუმცა, თავად გერმანელი პარტნიორები არც მედიასთან ჩანან და არც რაიმე სახის საჯარო გახილვებში მონაწილეობენ.

რაც შეეხება კონკურსის გამოცხადების დღიდან გაცხადებულ მთავარ მესიჯს საჯაროობასა და გამჭვირვალობაზე, ამ მხრივ ქართული საზოგადოება, მათ შორის მედია განებრივებული არ არის.

„თბილისის გენგეგმა მაისში უნდა ჩავაბაროთ, ამის შემდეგ მოხდება ამ დოკუმენტის განხილვა, მათ შორის საჯარო განხილვებიც.“ - აცხადებს „სითი ინსტიტუტი საქართველოს წარმომადგენელი არჩილ ბარბაქაძე.

გამარჯვებული იურიდიულ პირთა გაერთიანება „მომავლის ქალაქის“  შემადგენლობაში, წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით, რამდენიმე ქართული და საერთაშორისო ორგანიზაცია შედის. მათ შორის: ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი საქართველო“, „Albert Speer & Partners GMBH“, „sarl-atelier alfred peter pausagiste“, „dr.brenerlngenieurgesellshaft mbh“, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, CENN - caucasus environmental NGO network. კონსულტანტები: „steinbeis beratungszentren gmbh“, შპს „თბილისი ჯგუფი“ და „fraunhofer“-ის ინსტიტუტი.

გამარჯვებული 9 კომპანიიდან მედიის წინაშე ერთი კომპანიის მხოლოდ ორი საკონტაქტო პირი ჩანს - „სითი ინსტიტუტის“ დამფუძნებლები და დირექტორები, მამუკა სალუქვაძე და არჩილ ბარბაქაძე.

„სტაბილურობიდან მდგრადობამდე“ - ასეთია გამარჯვებული კომპანიების სლოგანი, რომლის სამუშაო ვერსიაში „2030“-იც ფიგურირებს - „მომავლის ქალაქის ხედვა 2030“ ექვსი ნაწილისგან შედგება:

ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა, ურბანული გეგმარება, ეკონომიკა, ურბანული ეკოლოგია, გეოსაინფორმაციო სისტემები, საინჟინრო ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტი და საზოგადოებრივი გეოგრაფია. თითოეული ნაწილი ამ სფეროს განვითარების ზოგად, სასურველ მიმართულებებს განსაზღვრავს.

ყველაზე დიდი უკმაყოფილება არასამთავრობო ორგანიზაციებსა თუ სპეციალისტებში პროექტის ავტორთა ურბანული განვითარების ხედვამ გამოიწვია, რომლის თანახმადაც, პროცესი ჯენტრიფიკაციის გზით უნდა წარიმართოს.

ავტორების  მიერ წარდგენილ კონცეფციაში ვკითხულობთ: „ძველი უბნებისა და ქალაქის ცენტრის რეგენარაციისა და მასში სოციალური შემადგენლის ცვლილება ჯენტრიფიკაციის ფორმატში უნდა წარიმართოს. თანამედროვე ევროპული ტრენდი „ახალი შუა საუკუნეები“ ერთ-ერთი მიღებული პრინციპია ასეთი რეალებისათვის. აღნიშნული გულისხმობს შენობების შერეული ფუნქციებით დატვირთვას, ადამიანის თანაზომადი მასშტაბის გარემოს შექმნას. განაშენიანება უნდა იყოს დაბალ და საშუალოსართულიანი. მომავალი ეკუთვნის ჰუმანისტურ, სასიცოცხლო ენერგიით სავსე, მაღალი სიმჭიდროვის, განტვირთვისა და რეკრეაციის საშუალებებით დაბალანსებულ ქალაქებს და საქალაქო უბნებს. გარემოს ხარისხი და ქონების ღირებულება ასეთ უბნებში მნიშვნელოვნად იზრდება და მიმზიდველია ე.წ. „კრეატიული კლასისათვის“.

ავტორების მტკიცება, რომ ჯენტრიფიკაცია თანამედროვე ევროპული მიდგომაა, გაუგებარია სხვა სპეციალისტებისთვის. ჯენტრიფიკაციის დროს მკვიდრი მოსახლეობა ტოვებს საცხოვრებელ ადგილს, ამ შემთხვევაში ისტორიულ ქალაქს და მის ნაცვლად იქ შედის ახალი კაპიტალი და ფინანსურად უფრო მაღლა მდგომი ფენა.

გენგეგმის კონცეფციის საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამობაზე საუბრობს ქალაქმგეგმარებელი ზურა ბაქრაძეც. ბაქრაძე კონკურსში მონაწილე ერთ-ერთი პროექტის თანაავტორიცაა. მისი თქმით, პროექტი, რომლის მთავარი ხედვითაც, ქალაქი ჯენტრიფიკაციის გზით უნდა წავიდეს, გამორიცხავს იმას, რომ ამ პროექტს ხელს აწერდნენ უცხოელი ექსპერტები, რომელთაც პროექტის ავტორები ამაყად ასახელებენ.

რას ფიქრობენ ამაზე უცხოელი ექსპერტები და აწერენ თუ არა ხელს ამ პროექტზე, უცნობია. ისინი მედიასთან არ ჩანან.

ჯენტრიფიკაცია სოციალურად აბსოლუტურად არაჯანსაღი პროცესია. ეს გულისხმობს მოსახლეობის სეგრეგაციას ფინანსური ნიშნით, მდიდრებისა და ღარიბების უბნების ჩამოყალიბებას. ეს კი სწორედ იმ დროს, როდესაც მაგალითად გერმანიაში ქალაქგეგმარებისა და პოლიტიკის დონეზეც გაწერილია არაერთი ინსტიტუციური მექანიზმი იმისათვის, რომ ეს პროცესი როგორმე თავიდან იყოს აცილებული“, _ განმარტავს ქალაქმგეგმარებელი. ბაქრაძე ამბობს, რომ ქალაქგანვითარების თანამედროვე პრინციპები, მათ შორის გერმანიის სამოქმედო დოკუმენტები ეფუძნება „სათუთი განახლების“ მიდგომას, რომლის ამოსავალი წერტილიც ადგილობრივი მოსახლეობის იმ ადგილას შენარჩუნებაა, სადაც ისინი ცხოვრობდნენ. ამასთან, ასეთი პროცესი ხანგრძლივ პერსპექტივაშიც შექმნის პრობლემას, რადგან ამ უბნებიდან განდევნილი მოსახლეობა კიდევ უფრო დაბალფასიან უბანში გადასახლდება, სადაც გაიზრდება კრიმინალის რაოდენობა და საბოლოოდ ეს ქალაქს ბევრად მეტი დაუჯდება.

რას ნიშნავს „კრეატიული კლასი“?! მოუწევს თუ არა მკვიდრ მოსახლეობას საცხოვრებელი ადგილის დატოვება და იციან თუ არა მათ ამის შესახებ?! ხომ არ კეთდება ეს ყველაფერი იმისთვის, რომ თბილისის ისტორიულ უბნებში მიზანმიმართულად მოხდეს ფინანსურად მაღლა მდგომი ფენის შესვლა, დაიყოფა თუ არა ქალაქი მდიდრების და ღარიბების უბნებად და რატომ არ ჩანს საზოგადოების წინაშე ის 6  უცხოური კომპანია, რომელიც ასევე პროექტში გამარჯვებულები არიან?!

ამ კითხვებზე პასუხს უახლოეს მომავალში მიიღებს მკითხველი. მანამდე კი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი:

ვინ წერს „თბილისის კონსტიტუციას” - უცნობი დეტალები დედაქალაქის გენგეგმის შემუშავების პროცესთან დაკავშირებით

როგორც სტატიის დასაწყისშივე აღვნიშნეთ, მედიასთან და საზოგადოებასთან მთავარ საკომუნიკაციო პირებად თბილისის გენგეგმის საკითხებზე  9 კომპანიიდან მხოლოდ ერთი  - „სითი ინსტიტუტი საქართველო“ აირჩიეს. სწორედ ის კომპანია, რომელიც გენგეგმის კონკურსის გამოცხადების შემდეგ შეიქმნა. კონკურსი გამოცხადდა 2015 წლის 19 მაისს. აიპ „სითი ინსტიტუტი საქართველო“ კი საჯარო რეესტრში დარეგისტრირებულია 2015 წლის 30 ივნისს, კონკურსის გამოცხადებიდან თითქმის თვენახევრის შემდეგ.

თუმცა, საინტერესო დეტალი გახლავთ ის, რომ „სითი ინსტიტუტის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, არჩილ ბარბაქაძისა და გერმანელი პარტნიორების ურთიერთობა გაცილებით ადრე იწყება, ვიდრე თბილისის გენგეგმის კონკურსი გამოცხადდებოდა. საინტერესოა რაში დაჭირდათ მამუკა სალუქვაძესა და არჩილ ბარბაქაძეს ახალი კომპანიის შექმნა კონკურსის შემდეგ, მაშინ როცა არჩილ ბარბაქაძის სახელზე საჯარო რეესტრით არაერთი კომპანიაა რეგისტრირებული და შეეძლო ამ კომპანიების სახელით მიეღო მონაწილეობა?! ნაცვლად იმისა, რომ შეექმნა ახალი კომპანია კონკურსის გამოცხადების შემდეგ, რაც სამართლებრივად კონკურსის პირობებს არ არღვევს, მაგრამ კითხვის ნიშნებს აშკარად აჩენს.

იქნებ იმიტომ, რომ გენგეგმის კონკურსში რაიმე ფორმით ჩართვის სურვილი სწორედ მისმა გერმანელმა პარტნორებმა არ გამოთქვეს? არჩილ ბარბაქაძის  90% კომპანიების მეწილეები, მათ შორის საკონტროლო პაკეტისაც სწორედ გერმანელები არიან.

არჩილ ბარბაქაძე ჯერ ქმნიდა კომპანიებს, რომლის 100 %წილის მფლობელი თავად იყო, შემდეგ კი მათ უსასყიდლოდ გერმანელ პარტნიორებს უთმობდა. მის გერმანელ პარტნიორებს და კომპანიის მესაკუთრეებს შორის არიან: როლფ გიუნტერი , გერმანია (გარდაიცვალა); ალფონს დომინიკ რეპნიკ, გერმანია (გარდაიცვალა);კარლ ულრიხ კირნერ, გერმანია.

გერმანელ პარტნიორებთან ერთად არჩილ ბარბაქაძემ ბიზნესი ჯერ კიდევ „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში დაიწყო და წინა ხელისუფლების დროს საკმაოდ მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებდნენ. მათ შორის ენერგეტიკულსაც. ინფორმაციას ამის შესახებ ადასტურებს კომპანიის ვებგვერდზე განთავსებული ისტორია.

საუბარია  კომპანია „ტერრა ჰოლდინგზე“, რომლის დამფუძნებლები 2014 წლის 7 მაისი მონაცემებით არიან:  კარლ ულრიხ კირნერ, გერმანია - 75% და არჩილ ბარბაქაძე - 25%.

კომპანიის ისტორიაში ვკითხულობთ:

ტერრა ჰოლდინგი დაფუძნდა 2014 წელს გერმანელი და ქართველი პარტნიორების მიერ. მას წინ უძღვოდა მრავალწლიანი სამუშაოები და პროექტები, რომლებიც საბოლოოდ გაერთიანდა ერთი სახელის ქვეშ და დაერქვა “ტერრა ჰოლდინგი”.

2005 - საფუძველი ჩაეყარა ტურისტულ საქმიანობას;

2008 - დაიწყო ინტენსიური მოლაპარაკებები საქართველოს ხელისუფლებასთან გერმანული კომპანია EnBW-ს მიერ ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით;

2011 - გაიმართა მრავალმხრივი მოლაპარაკებები საქართველოში ელ. ენერგიის მწარმოებლებსა და გერმანული კომპანია EWE-ს შორის ელ. ენერგიის საქართველოდან თურქეთში, ხოლო მომავალში ევროპაში ექსპორტის თაობაზე;

2012 - გაიხსნა გერმანული კომპანია Sto-ს ექსკლუზიური წარმომადგენლობა კავკასიაში;

2012 - მოხდა გაწევრიანება გერმანიის ბიზნეს ასოციაციაში (DWV);

2013 - დაფუძნდა თბილისის ენერგეტიკის სააგენტო (TEA);

რაც შეეხება არჩილ ბარბაქაძესა და მამუკა სალუქვაძეს, მათ კიდევ ერთი საერთო კომპანია აქვთ, რომელიც 2016 წლის 28 ივლისს შეიქმნა - შპს „ა+ს საქართველო“. 2016 წლის 25 აგვისტოს  მამუკა სალუქვაძე და არჩილ ბარბაქაძე თავის კუთვნილ 25-25 პროცენტს აძლევენ ასევე გერმანიის მოქალაქე ვეიტ აპპელტს.

რაც შეეხება არჩილ ბარბაქაძის სახელზე რეგისტრირებულ სხვა კომპანიებს:

არჩილ ბარბაქაძე შპს „თბილისის ენერგეტიკის სააგენტოს“ დირექტორია, რომლის 100% ის მფლობელია შპს „ტერრა ჰოლდინგი“.

2009 წლის 7 მაისს არჩილ ბარბაქაძე აარსებს კომპანიას შპს „ტოტო-ლოტო საქართველო“. დირექტორიც და 100% ის მეწილეც თავადაა.

2012 წლის 3 იანვარს არჩილ ბარბაქაძე აფუძნებს კომპანიას შპს „P&R Innovative technologien kaukasus“. მეწილეები და დირექტორები:  არჩილ ბარბაქაძე 50% , როლფ გიუნტერი  (გერმანია) 50%. 

2013 წლის 12 ივნისს არჩილ ბარბაქაძე აარსებს კომპანიას შპს „ლეა ექვიმენტ“. დირექტორი და 100 % წილის მფლობელი არის თვითონ.

2013 წლის 18 ნოემბერს არჩილ ბარბაქაძე აარსებს კომპანიას შპს „ლეა კავკასუს“, რომლის დირექტორი და 100 % წილის მფლობელი არის თვითონ.

2013 წლის 19 აგვისტოს დაფუძნდა კომპანიას შპს „ტერრა ჰოლდინგი“ - მფლობელი  წილის მმართველი  არჩილ ბარბაქაძე -33% კარლ ულრიხ კირნერ, გერმანია -33% ალფონს დომინიკ რეპნიკ, გერმანია, 34%.

2013 წლის 22 აგვისტოს არჩილ ბარბაქაძე აარსებს კომპანიას შპს „ტერრა კონსტრაქშენ“, რომლის 100% ის მეწილე და დირექტორი თავადაა.

2014 წლის 7 მაისს კომპანია შპს „ტერრა ჰოლდინგის“ რეგისტრაციაში შევიდა ცვლილებები: 2014 წლის 7 მაისის მონაცემებით, ტერრა ჰოლდინგის დირექტორიც და 100% ის მეწილეც არჩილ ბარბაქაძეა. 2014 წლის 27 მაისს არჩილ ბარბაქაძეს შეაქვს ცვლილება და „ტერრა ჰოლდინგის“ 75%-ს უსასყიდლოდ აძლევს კარლ ულრიხ კირნერს, გერმანია.

არჩილ ბარბაქაძე არის მეწილე კომპანია: შპს „თბილისის ენერგეტიკის სააგენტო %“ -ის, რომელიც დარეგისტრირებულია 2014 წლის 22 აგვისტოს. კომპანიის მესაკუთრეები არიან და წილობრივი მონაცემები გადანაწილებულია ასე: მესაკუთრე წილი წილის მმართველი არჩილ შიშმანაშვილი 14%; მამუკა სალუქვაძე 15% ალფონს დომინიკ რეპნიკ (გერმანია) 16% ; შპს „ტერრა ჰოლდინგი“ 55%.

არჩილ ბარბაქაძის სახელზე ფიქსირდება შპს „საკვოიაჟი“, რომლის დირექტორი თავად იყო. 2014 წლის 20 მაისს შპს „საკვიოაჟის“ 100% გადასცა შპს „ტერრა ჰოლდინგს“, რომლის საკონტროლო პაკეტს, 75%-ს ასევე გერმანული მხარე ფლობს.

საინტერესო დეტალი: არჩილ ბარბაქაძეს მერიასთან ურთიერთობა მხოლოდ ამ პროექტით არ დაუწყია, ის  გასულ წლებში თბილისის განვითარების ფონდის მრჩეველიც იყო.

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტის ერთ-ერთი თანაავტორი და ხელმძღვანელი მერაბ ბოლქვაძეა, რომლის სახელი „პანორამა თბილისს“ უკავშირდება. ის ამ სკანდალური პროეტის საექსპერტო დასკვნის ავტორია.

„მე და არქიტექტორმა გივი შავდიამ „პანორამა თბილისის“ პროექტზე მხოლოდ საექსპერტო დასკვნები დავწერეთ და ავტორებს ჩვენი შენიშვნები და საპროექტო წინადადებები შევთავაზეთ, რაც მათ უნდა გაეთვალსიწინებიათ. მე მაშინაც ავღნიშნე და ახლაც ვიმეორებ, რომ “იმ ტერიტორიის ნაწილი, სადაც “პანორამა თბილისი“ უნდა აშენდეს ისტორიული ზონა არა...“ - მერაბ ბოლქვაძე.

რაც შეეხება გერმანელ პარტნიორებს, კითხვას მათი ჩართულობის შესახებ, მერაბ ბოლქვაძეც ზოგადად პასუხობს.

რამდენიმე უცხოური კომპანია შემოდის იმ იურიდიულ გაერთიანებაში, რომელიც გახდა აღნიშნული პროექტის გამარჯვებული. შეგიძლიათ გვითხრათ, კონკრეტულად ვის რა ფუნქცია ეკისრება?

აღნიშნული პროექტის გამარჯვებული გახდა იურიდიულ პირთა გაერთიანება „მომავლის ქალაქი“, რომლის შემადგენლობაშიც შედიან როგორც ქართული, ისე გერმანული და ფრანგული კომპანიები და ორგანიზაციები, მათ შორის: ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი საქართველო“, „Albert Speer & Partners GmbH“, „Sàrl -Atelier Alfred Peter Paysagiste“, „Dr. Brenner Ingenieurgesellschaft mbH“, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, CENN - Caucasus Environmental NGO Network. მათი კონსულტანტებია:„Steinbeis Beratungszentren GmbH“, შპს „თბილისი ჯგუფი“ და „Fraunhofer“-ის ინსტიტუტი. მეორე ადგილი - შპს „არტსტუდიო პროექტის“, „Metrogramma Mobility in Chain“-ის, „Aecom“-ის ერთობლივმა ნამუშევარმა დაიკავა; ხოლო მესამე ადგილზე შპს „გეოგრაფიკის“, „KCAP“-ის, „Burohappold Engineering“-ის, „Studio 21“-ის ერთობლივმა პროექტი გავიდა. უცხოური კომპანიები ჩვენთან ერთად, აქტიურ მონაწილეობას იღებენ როგორც ქალაქგეგმარების საკითხებში, ისე სატრანსპორტო საკითხებში, ეკოლოგიისა და ეკონომიკისა და სოციალურ-ინფრასტრუქტურულ ნაწილში, მათ შორის დემოგრაფიულ საკითხებშიც იღებს მონაწილეობას. მოკლედ, დამუშავდა ცალკე  ბლოკები, ანალიტიკური ნაწილი ჩაბარდა  დედაქალაქის მერიას და ახლა გადასული ვართ გადაწყვეტით ნაწილებზე, რომელსაც მაისში დავასრულებთ და ამის შემდეგ გადავცემთ განსახილველად.

დაიყოფა თუ არ თბილისი მდიდრების და ღარიბების უბნებად და ვინ დგას რეალურად ამ გენგეგმის შესახებ?! გაგრძელება იქნება...