სხვა რა გზა გვაქვს? - არსებობს სახელმწიფო ორგანო და გვინდა თუ არ გვინდა, ვუსმენთ მას

სხვა რა გზა გვაქვს? - არსებობს სახელმწიფო ორგანო და გვინდა თუ არ გვინდა, ვუსმენთ მას

გამოძიებაზე რომ გვეკითხებიან, სხვა რა გზა გვაქვს, ჩვენ თვითონ ხომ ვერ ჩავატარებთ გამოძიებას? - არსებობს სახელმწიფო ორგანო, რომელიც ატარებს გამოძიებას და გვინდა თუ არ გვინდა, ვუსმენთ მას“, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარის მოადგილემ, დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა განუცხადა, რითაც ე.წ. „ციანიდის საქმესთან“ დაკავშირებით პროკურატურის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.

დეკანოზის თქმით, პროკურატურის განცხადებას ჯერ არ გაცნობია.

„რომ გავეცნო, რა უნდა გითხრათ სხვა, რასაც პროკურატურა ამბობს? - როგორ შემიძლია მე დავადასტურო ან არ დავადასტურო? - მაშინ გამოძიებაში უნდა ვიყო ჩართული. გამოძიებაში ჩართული არ ვარ და განცხადებებს ისევე ვკითხულობ, როგორც თქვენ. რაც შეეხება ვიდეოკადრების ავთენტურობას, ამას ხომ ექსპერტიზა ადგენს. მე ხომ ვერ ვიტყვი, ავთენტურია კადრი თუ არა? ჩვენ სხვა გზა რა გვაქვს, რომ არ ვენდოთ ექსპერტიზას? გამოძიებაზე რომ გვეკითხებიან, სხვა რა გზა გვაქვს, ჩვენ თვითონ ხომ ვერ ჩავატარებთ გამოძიებას? - არსებობს სახელმწიფო ორგანო, რომელიც ატარებს გამოძიებას და გვინდა თუ არ გვინდა, ვუსმენთ მას“, - განაცხადა მამა კახაბერმა.

პროკურატურა დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ბრალდების საქმის განსახილველად სასამართლოს მიმართა, რასთან დაკავშირებითაც ვრცელი განცხადება გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებით, მამა გიორგი მამალაძის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდება დადასტურდა.