ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს შესახებ მომზადებული ანგარიში განიხილეს

ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს შესახებ მომზადებული ანგარიში განიხილეს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე მომხსენებლების - ბორის სილევიჩის და კირსტენ ლუნდგრენის ანგარიში მოისმინეს.

ევროპის საბჭოში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, მომხსენებლების მხრიდან, საქართველოს მიმართ, პოზიტიური შეფასებები გაკეთდა.

როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, მთავარი რეკომენდაცია სასამართლო რეფორმის გაგრძელების აუცილებლობა და ასევე, საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებისთვის განსაკუთრებული ყურადღების დათმობაა.

„ძალიან პოზიტიური გამოხმაურება იყო თანამომხსენებლების მხრიდან. ჩვენ დღეს მოვისმინეთ დაახლოებით ოთხ ქვეყანაზე მსგავსი ანგარიში და ცალსახად, ყველაზე პოზიტიური შეფასება არის საქართველოს მიმართ. ორივე თანამომხსენებლის მხრიდან იყო ძალიან კარგი აქცენტები გაკეთებული. ძირითადი რეკომენდაციები, როგორც მათ საჯარო განცხადებაში არის, ეხებოდა, ერთის მხრივ, სასამართლო რეფორმის გაგრძელების აუცილებლობას, ასევე, საუბარი იყო იმაზე, რომ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში, მნიშვნელოვანია, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება“,- განაცხადა დეპუტატმა.

დელეგაციის წევრის, ოპოზიცის წარმომადგენლის, გიორგი კანდელაკის თქმით, მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე, სხვა საკითხებთან ერთად, საუბარი, საკონსტიტუციო ცვლილებებს შეეხო და იმედი გამოითქვა, რომ ვენეციის კომისიის შენიშვნები გათვალისწინებული იქნება.

აღსანიშნავია, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის სხდომა 2018 წლის ზაფხულში თბილისში გაიმართება.