მმართველმა გუნდმა გადახედოს „კომპრომისს“ პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესის 2023 წლამდე გადავადების თაობაზე

მმართველმა გუნდმა გადახედოს „კომპრომისს“ პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესის 2023 წლამდე გადავადების თაობაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა გაბუნია არ გამორიცხავს, რომ მმართველმა გუნდმა გადახედოს „კომპრომისს“ პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესის 2023 წლამდე გადავადების თაობაზე.

გაბუნიას თქმით, „ამ კონსენსუსს თუ არ იღებს ოპოზიცია და პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ასეთი კომპრომისი აზრს კარგავს“.

„ჩვენ გვაქვს არგუმენტაცია, რატომ ვცვლით პრეზიდენტის არჩევის წესს და ვცვლით არა ჩვენი სუბიექტური მოსაზრებების, არამედ იმ აპრობირებული მეთოდიკის მიხედვით, რაც არის საპარლამენტო რესპუბლიკებში. მეორე მხრივ, ვერ მოვისმინეთ არგუმენტაცია, რატომ არ უნდა იყოს პრეზიდენტი საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული. რაც შეეხება ამოქმედების თარიღს, ჩვენ აქაც პოლიტიკური კომპრომისი დავუშვით - თუკი ვინმეს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება პირდაპირი არჩევის წესის შეცვლასთან დაკავშირებით არის მარგველაშვილის საწინააღმდეგოდ მიღებული, მოდით, ჩვენ არა 2018-ში, არამედ 2023 წელს ავამოქმედებთ, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს გონივრული კომპრომისი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ და ოპოზიციამ არ მიიღო ასევე გონივრულად. ამიტომ ჩვენ ვიფიქრებთ, რამდენად აქვს აზრი ასეთი ოპონენტების პირობებში გონივრულ კომპრომისებს. თუკი ჩვენი ოპონენტები ვერ ხედავენ იმას, რომ ხელისუფლება გონივრულ კომპრომისზე მიდის და მიაჩნიათ, რომ ეს არაფერია, მაშინ ჩვენ უნდა გადავხედოთ, რამდენად აქვს აზრი გონივრულ კომპრომისებს",- განაცხადა გაბუნიამ.

ამასთან, გაბუნია ხაზს უსვამს, რომ ეს მისი პირადი მოსაზრებაა.