მაჟორიტარებს აქვთ ლეგიტიმური უფლება, მაჟორიტარული სისტემის ავკარგიანობაზე ისაუბრონ

მაჟორიტარებს აქვთ ლეგიტიმური უფლება, მაჟორიტარული სისტემის ავკარგიანობაზე ისაუბრონ

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა არის დიამეტრალური გაუმჯობესება, თუმცა მაჟორიტარებს აქვთ ლეგიტიმური უფლება, მაჟორიტარული სისტემის ავკარგიანობაზე ისაუბრონ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განუცხადა, რომელიც მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" ნაწილის კრიტიკულ პოზიციას გამოეხმაურა.

ამასთან, თალაკვაძე არ გამორიცხავს, საერთო-სახალხო და საპარლამენტო განხილვებისას საკონსტიტუციო კომისიის მიერ მხარდაჭერილმა კონსტიტუციის პროექტმა ცვლილებები განიცადოს.

"წინ გვაქვს საერთო-სახალხო განხილვის ეტაპი, ასევე 3 მოსმენის პროცედურა პარლამენტში. ასე რომ, საჯარო განხილვების და შემდეგ უკვე სესიების დროს დეპუტატებს შესაძლებლობა ექნებათ, გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები, დაასაბუთონ ისინი. შესაძლებელია, რომ ცვლილებები, რომლებიც იქნება შემოთავაზებული, საპარლამენტო მოსმენებისას იქნას გათვალისწინებული",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებისა და პროპორციულზე გადასვლის წინააღმდეგია.

როგორც ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ოფისში მიმდინარე შეხვედრის დაწყებამდე დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ განუცხადა, საარჩევნო სისტემა არ უნდა შეიცვალოს და პირიქით, ქვეყანა მთლიანად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე უნდა გადავიდეს.

„ამიხსნას ვინმემ, რატომ არ არის დემოკრატიული მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა? თუმცა, მე ვარ გუნდური თამაშის მომხრე და თუკი დამარწმუნებენ გუნდის წევრები მათი პოზიციის სისწორეში, ჩემ პოზიციას შევიცვლი“, - განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.

მისივე ინფორმაციით, „ქართულ ოცნებაში“ ბევრია, ვინც მის პოზიციას იზიარებს.