იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინიციატივა ჰგავს ცენზურის გაცოცხლებას, ფიქრობენ, როგორ დაგვადონ პირზე ბოქლომი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინიციატივა ჰგავს ცენზურის გაცოცხლებას, ფიქრობენ, როგორ დაგვადონ პირზე ბოქლომი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინიციატივა ჰგავს ცენზურის გაცოცხლებას, რომელიც მეგონა, რომ მე-20 საუკუნეში დავტოვეთ და 21-ში, ინფორმაციის თავისუფლებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების უსაზღვრო განვითარების ეპოქაში აღარ გამოგვყვა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ იურისტმა, არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის" აღმასრულებელმა დირექტორმა ლია მუხაშავრიამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინიციატივის კომენტირებისას განუცხადა, რომელიც მოსამართლის შეურაცხყოფაზე საკანონმდებლო რეგულაციის დაწესებას ითვალისწინებს.

„ეტყობა, ამ ინიციატივის ავტორები თავიანთი აზროვნებით და შემეცნებით მე-20 საუკუნის დასაწყისში არიან. იმის ნაცვლად, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო და მისი კონკრეტული წევრები ზრუნავდნენ, როგორ აამაღლონ საზოგადოების ნდობა სასამართლო ხელისუფლებისა და მოსამართლეებისადმი და როგორ გაჩნდეს ჭეშმარიტი პატივისცემა მოსამართლეების მიმართ, რისი უდავო საფუძველიც მხოლოდ და მხოლოდ მათი სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილებები შეიძლება გახდეს, ისინი ფიქრობენ, როგორ ალაგმონ და დაგვადონ პირზე ბოქლომი, მათ შორის, განსაკუთრებით მედიას, რათა ის კრიტიკა, რაც სასამართლოს მისამართით ისმის და რაც უპირობოდ გაზიარებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, როგორმე ჩაახშონ. არ გამოვა ეს ამბავი, რაც არ უნდა კანონმდებლობა გაამკაცრონ ამ თვალსაზრისით, რადგან ნებისმიერი პირი, ნებისმიერი ჟურნალისტი ან მედიასაშუალება, რომელიც ამ კანონით აღმოჩნდება „დამნაშავე“, იქნება ამ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების და მედიის თავისუფლების შეზღუდვის ძალიან უსუსური მცდელობის დადასტურება“, - განაცხადა მუხაშავრიამ.

იგი ყველას ურჩევს, ვინც ამ საკითხს მხარს უჭერს, კარდად დაფიქრდეს იმაზე, რომ „ასე შეიძლება საკუთარ თავს გამოუთხარო ძირი“.

„მედია დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედია და მას აქვს უფლება, ქვეყანაში შოკისმომგვრელი იდეები და მოსაზრებები გაავრცელოს, არათუ - უბრალოდ მოსამართლეთა მიმართ კრიტიკული და მათ შორის, შეურაცხმყოფელი ეპითეტები“, - დასძინა მუხაშავრიამ.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გუშინ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, ჟურნალისტთა კორპუსს, სამოქალაქო სექტორს, სახალხო დამცველსა და საქართველოს საზოგადოებას განცხადებით მიმართა და აღნიშნა, რომ „სასამართლოსა და მოსამართლეების კრიტიკა მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს მათი შეურაცხყოფის, ლანძღვის, დამცირების, მათდამი სიძულვილის გავრცელებისა თუ მათი დაშინებისგან, ასევე სასამართლოს გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობის განცხადებებისაგან“. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აზრით, გათვალისწინებული უნდა იყოს მოსამართლისა და სასამართლოსთან მიმართებით „დასაშვები კრიტიკის“ ფარგლები, ასევე, "უნდა დადგინდეს განხილვაში მყოფი საქმეების მედიაში გაშუქების სტანდარტები".

უფრო ადრე, იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლის შეურაცხყოფაზე საკანონმდებლო რეგულაციის დაწესების ინიციატივით გამოვიდა. აღნიშნული მოსაზრება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გამოთქვეს და დეპუტატებს ამ საკითხზე დისკუსიის დაწყება შესთავაზეს.