პოლიტიკური მოძრაობა „წინ“-ის ლიდერი და საპრეზიდენტო კანდიდატი, ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ „ეროვნული ფრონტის“ ლიდერის, მარინ ლე პენის პროგრამას საფრანგეთი „უფსკრულისკენ მიჰყავს“. აღნიშნულის შესახებ მან ქალაქ არასში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მაკრონმა ამომრჩევლებს მოუწოდა, 7 მაისს ხმა „უკეთეს მომავალს“ მისცენ.
„11 დღეში თქვენ უნდა გააკეთოთ არჩევანი; ეს არჩევანი ყოველგვარი ყოყმანის გარეშე უნდა გააკეთოთ. უნდა გესმოდეთ, რომ პოლიტიკას, რომელსაც ლე პენი გვთავაზობს, ჩვენი ქვეყანა უფრსკულისკენ მიყავს“, - განაცხადა მან.
„რას ნიშნავს ევროპიდან გასვლა? ეს ომი და ნაციონალიზმია. „ეროვნული ფრონტი“ არ არის პატრიოტთა პარტია. მე ბოლომდე ვიბრძოლებ“, - დასძინა ემანუელ მაკრონმა.
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 7 მაისს გაიმართება. ერთმანეთს ემანუელ მაკრონი და მარინ ლე პენი დაუპირისპირდებიან.