გიორგი კვირიკაშვილი ბუქარესტში რუმინეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

გიორგი კვირიკაშვილი ბუქარესტში რუმინეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბუქარესტში ოფიციალური ვიზიტი რუმინეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრით დაიწყო.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, სორინ გრინდეანუმ ქართველ კოლეგას ვიქტორიას სასახლეში უმასპინძლა.

პირისპირ გამართულ შეხვედრაზე გიორგი კვირიკაშვილმა და სორინ გრინდეანუმ მიმოიხილეს საქართველო-რუმინეთს შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები. ყურადღება გამახვილდა, როგორც ორ ქვეყანას შორის, ისე შავი ზღვის რეგიონის ფარგლებში სავაჭრო-ეკონომიკური, ენერგეტიკული და სატრანსპორტო კომუნიკაციის განვითარების მნიშვნელობაზე.

პრემიერ-მინისტრებმა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი განიხილეს და ამ მიმართულებით მიღწეული წარმატება აღნიშნეს. რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილს მიულოცა ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული წარმატება - საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მინიჭება და კიდევ ერთხელ გამოთქვა რუმინეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების მიმართ.