ჟან-მარკ ეიროს განცხადება, რომ იდლიბში ზარინის გაზი გამოიყენეს, ვერ შეცვლის რუსეთის პოზიციას, საერთაშორისო გამოძიების ჩატარებაზე

ჟან-მარკ ეიროს განცხადება, რომ იდლიბში ზარინის გაზი გამოიყენეს, ვერ შეცვლის რუსეთის პოზიციას, საერთაშორისო გამოძიების ჩატარებაზე

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-მარკ ეიროს განცხადება იმის თაობაზე, რომ სირიის სამთავრობო ძალებმა იდლიბის პროვინციაში ზარინის გაზი გამოიყენეს, ვერ შეცვლის რუსეთის პოზიციას, რომ უნდა ჩატარდეს მომხდარის საერთაშორისო გამოძიება.

აღნიშნულის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

„კრემლი და პრეზიდენტი პუტინი მიიჩნევენ, რომ სიმართლის დადგენის ერთადერთი საშუალება მიუკერძოებელ საერთაშორისო გამოძიების ჩატარებაში მდგომარეობს“, - აღნიშნა პესკოვმა.

„ჩვენ გაოცებულნი ვართ, რომ ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია თავს იკავებს ამგვარი გამოძიების ჩატარებისგან“, - განაგრძო რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა.

მისი განმარტებით, „მომწამლავი ნივთიერების გამოყენება საერთაშორისო გამოძიების გარეშე არ იძლევა ვინმეს დადანაშაულების საფუძველს“.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-მარკ ეიროს განცხადებით, საფრანგეთი ფლობს მტკიცებულებებს, რომ 4 აპრილს, იდლიბის პროვინციაში ქიმიური შეტევისას ზარინის მომწამლავი გაზი გამოიყენეს.