მმართველი გუნდის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები არის ხელისუფლებაში საკუთარი თავის უვადოდ დატოვების რეცეპტი

მმართველი გუნდის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები არის ხელისუფლებაში საკუთარი თავის უვადოდ დატოვების რეცეპტი

”ნაციონალური მოძრაობა” საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით შენიშვნებს ვენეციის კომისიას გადაუგზავნის, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” პარტიის ერთ-ერთმა წევრმა ნიკა რურუამ განუცხადა. მისი ინფორმაციით, ვენეციის კომისიისთვის მიმართვას აპირებენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც.

”ვენეციის კომისიასთან ვაპირებთ აქტიურ თანამშრომლობას. ჩვენი შენიშვნები, ასევე, რამდენადაც ვიცი, კომისიას გადაეგზავნება არასამთავრობო ორგანიზაციების შენიშვნები. ის ცვლილებები, რომელსაც გვთავაზობს ”ქართული ოცნება”, დამღუპველია. ეს ცვლილებები ქვეყანას მიიყვანს უკიდურეს კრიზისამდე, როგორიც არის პრეზიდენტის ინსტიტუტის გამოშიგვნა, ხალხისთვის ხმის უფლების ჩამორთმევა, ოპოზიციის ხმების მითვისება და ა.შ. ეს არის უკიდურესად არადემოკრატიული ცვლილებები. ეს არის ძალიან ცუდი კონსტიტუცია. ეს არის ხელისუფლებაში საკუთარი თავის უვადოდ დატოვების რეცეპტი და არა კონსტიტუცია”, - განაცხადა რურუამ.

რაც შეეხება საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებას, რომელმაც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შემაჯამებელ სხდომამდე ერთი დღით ადრე კომისიის შემადგენლობა შეცვალა, რურუა ამაში პრობლემას ვერ ხედავს.

”ვინც ბოიკოტი გამოუცხადა, რა აზრი ჰქონდა იმ კომისიაში დარჩენას? მე პრეტენზია ამ მიმართულებით არ მაქვს. ყველა თავმოყვარე პარტიამ დატოვა კომისია, შემდეგ კობახიძე რას იზამდა, რა მნიშვნელობა აქვს?”, - განაცხადა რურუამ.