მამუკა მდინარაძე: „საკონსტიტუციო კომისიის საბოლოო შემადგენლობის დაფიქსირება აუცილებელი იყო“

მამუკა მდინარაძე: „საკონსტიტუციო კომისიის საბოლოო შემადგენლობის დაფიქსირება აუცილებელი იყო“

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ირწმუნება, რომ ოპოზიციური პარტიების საკონსტიტუციო კომისიიდან გასვლა სამართლებრივად აუცილებლად უნდა ასახულიყო.

ამასთან, მდინარაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნებისმიერი კვორუმის შემთხვევაში, კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს მხარდაჭერის თვალსაზრისით, პრობლემა არ ექმნებოდა.

„ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა გააკეთეს განცხადებები, რომ გადიან სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობიდან. ეს სამართლებრივად აუცილებლად უნდა ასახულიყო და ირაკლი კობახიძემ შესაბამისი დოკუმენტი გამოსცა. პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გამოცემული ბრძანებით საკონსტიტუციო კომისიის ის საბოლოო შემადგენლობა დაფიქსირდა, რომელიც საბოლოო კენჭისყრის წინ საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობაში დარჩა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას, გარდა სამართლებრივისა, სხვა ლეგიტიმური საფუძველიც ჰქონდა. იმის გათვალისწინებით, რომ რეალურად კომისიაში 60 წევრი დარჩა და ამის ასახვა საჭირო იყო, 73 წევრის არსებობის შემთხვევაში, იმ ალტერნატიულ პროექტებს, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტების მიერ მრავლად იყო წარმოდგენილი, გაცილებით მაღალი - 37-კაციანი კვორუმი სჭირდებოდა, ვიდრე იმ შემთხვევაში, როცა კომისიის რეალური შემადგენლობა აისახა.

ჩვენ მათ ამით საშუალება მივეცით, რომ ალტერნატივები გასულიყო და რამდენიმე შემთხვევაში, ეს ასეც მოხდა, რაც ძალიან კარგია“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო კომისიაში პარტიების წარმომადგენლები რომ დარჩენილიყვნენ, ექსპრეტებსა და არასამთვარობო ორგანიზაციებს გაცილებით მეტი ალტერნატიული წინადადებების გატანა შეეძლოთ, რაც ხმის მიცემის დროს გამოჩნდა.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შემაჯამებელ სხდომამდე ერთი დღით ადრე, კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კომისიის შემადგენლობიდან ყველა იმ პარტიის წარმომადგენელი ამოიღო, რომელთაც საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოო ვარიანტის გამო შემაჯამებელ სხდომაში მონაწილეობაზე უარი თქვეს.

ირაკლი კობახიძემ ბრძანება 21 აპრილს გამოსცა, რომლის მიხედვით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობიდან ამოღებულია 13 წევრი – საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. შესაბამისად, მუშაობის ბოლო დღეს, კომისიის შემადგენლობა 73 წევრის ნაცვლად, განსაზღვრული იყო 60 წევრით და შეცვლილი იყო გადაწყვეტილების მიღების კვორუმი.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ გუშინდელ შემაჯამებელ სხდომაზე, კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი 43 ხმით, 8-ის წინააღმდეგ მიიღო.