აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა ირანის ხელისუფლება ტერორიზმის დაფინანსებაში დაადანაშაულა. „ირანის პოლიტიკა ჩვენგან ითხოვს იმ საფრთხეებთან ბრძოლას, რომელიც ირანისგან მოდის და ეს საფრთხეები მრავალრიცხოვანია“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
მისი თქმით, ოფიციალური თეირანი „განაგრძობს სირიაში ბაშარ ალ-ასადის სასტიკი რეჟიმის მხარდაჭერას“.
„ირანის სამხედრო-საზღვაო ძალები ძირს უთხრის ნაოსნობის თავისუფლებას სპარსეთის ყურეში, დევნის ამერიკულ გემებს, რომლებიც იქ კანონიერად იმყოფებიან. ირანმა კიბერშეტევები განახორციელა აშშ-სა და ჩვენი პარტნიორების წინააღმდეგ. ირანი ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში“, - განმარტა რექს ტილერსონმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განმარტებით, ირანის ხელისუფლება პოლიტიკურ ოპონენტებს სჯის.
„თეირანი მტკიცებულების გარეშე, ცრუ ბრალდებებით აკავებს უცხოელებს, მათ შორის აშშ-ის მოქალაქეებს. აშშ-ის რამდენიმე მოქალაქე უგზო-უკვლოდ არის დაკარგული ან უსამართლოდ იმყოფება ირანის ციხეებში. საკუთარ ტერიტორიაზე ძალაუფლების ბოროტად გამოყენების გარდა, ირანი საფრთხეს წარმოადგენს მსოფლიოსთვის“, - მიიჩნევს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
რექს ტილერსონი ასევე შეეხო ირანის მიერ ბალისტიკური რაკეტების გამოცდას, რაც გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის დარღვევით ხდება.
„მტკიცებულებები აშკარაა. ირანის პროვოკაციული ქმედებები საფრთხეს უქმნის აშშ-ს, რეგიონსა და მთლიანად მსოფლიოს“, - განაცხადა რექს ტილერსონმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ირანის ხელისუფლება სირიაში, იემენში, ერაყსა და ლიბანში ტერორისტული საქმიანობის დაფინანსებაში და ისრაელზე თავდასხმების მხარდაჭერაში დაადანაშაულა.
„ირანი მსოფლიოში ტერორიზმის წამყვანი სპონსორი სახელმწიფოა. ირანი ძირს უთხრის აშშ-ის ინტერესებს ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის სირია, იემენი, ერაყი და ლიბანი. ირანი განაგრძობს ისრაელზე თავდასხმების მხარდაჭერას. ირანი პასუხისმგებელია მსოფლიოში უამრავი კონფლიქტის გამწვავებაზე. თავაწყვეტილი ირანი შესაძლოა იმავე გზით წავიდეს, რა გზითაც ჩრდილოეთ კორეა წავიდა“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
რექს ტილერსონის მოსაზრებით, ირანის ისლამური რესპუბლიკა „ტერორისა და ძალადობის ექსპორტირებას ახდენს და ერთდროულად რამდენიმე ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზირებას იწვევს“.
„თეირანი დახმარებას უწევს ასადის რეჟიმს, რომელიც სასტიკად უსწორდება თავის ხალხს. ირანის ხელისუფლება უცხოელ „ბოევიკებს“ იარაღითა და დაფინანსებით უზრუნველყოფს“, - განაცხადა რექს ტილერსონმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ასევე შეეხო ირანის საქმიანობას ისრაელში და აღნიშნა, რომ „ირანის ხელისუფლება „ჰამასს“ და სხვა პალესტინურ ტერორისტულ ორგანიზაციებს იარაღით და დაფინანსებით უზრუნველყოფს“.
ტილერსონმა ასევე მკაცრად გააკრიტიკა ირანთან მიღწეული შეთანხმება ბირთვული პროგრამის შესახებ.
„ირანის ბირთვული ამბიციები დიდ საფრთხეს წარმოადგენს მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის. აღნიშნულმა შეთანხმებამ მიზანს ვერ მიაღწია. მან მხოლოდ გადადო ირანის ბირთვულ სახელმწიფოდ გადაქცევა“, - დასძინა მან.