საქართველოს საკითხი მუდმივად იქნება ევროპის საბჭოს პოლიტიკურ დღის წესრიგში

საქართველოს საკითხი მუდმივად იქნება ევროპის საბჭოს პოლიტიკურ დღის წესრიგში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ტორბიორნ იაგლანდის შეხვდა. 

როგორც ”ინტერპრესნიუსს” სამინისტროდან აცნობეს, დავით ზალკალიანმა გენერალურ მდივანს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის ბოლო განვითარებებზე. 

უწყების პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის სხვადასხვა სფეროში მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პროექტების განხორციელების მდგომარეობა. 

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს პრობლემატიკა მუდმივად იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში. ამ კუთხით მან ხაზი გაუსვა გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშის მნიშვნელობას, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებას აწვდის ობიექტურ ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შესახებ. 

სხვა საკითხებთან ერთად, გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს უპირობო მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. 

იაგლანდიმ ასევე დაადასტურა, რომ გაგრძელდება საქართველოში კონფლიქტის შესახებ კონსოლიდირებული ანგარიშების წარდგენა და საქართველოს საკითხი მუდმივად იქნება ევროპის საბჭოს პოლიტიკურ დღის წესრიგში.