ეს იყო საქმიანი ანგარიში, სადაც საკმარისი ინფორმაციაა მოცემული იმ მიმართულებებზე, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდისგან განსხვავებით, დღეს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი საზოგადოებას ანგარიშს აბარებს.
"ეს იყო საქმიანი ანგარიში, სადაც საკმარისი ინფორმაცია არის მოცემული იმ მიმართულებებზე, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება, ესენია: ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეები და იქ არსებული ვითარება; ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ და ტერორისტულ საფრთხეებთან გამკლავება; ბრძოლა კორუფციასთან; საერთაშორისო თანამშრომლობა და მნიშვნელოვანი საქმეები, რომლის აღკვეთა შეძლო უსაფრთხოების სამსახურმა.
კარდინალურად არის შეცვლილი იმ მიდგომების სტანდარტი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გააჩნია. ჩვენ გვახსოვს საქართველო, სადაც უსაფრთხოების სამსახური და მისი წარმომადგენლები ასოცირდებოდნენ ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევასთან, შიშთან და ტერორთან. დღეს ვხედავთ სამსახურს, რომელიც ყველაზე მწვავე შეკითხვებსაც კი პასუხობს და საზოგადოებას ანგარიშს აბარებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა პერსონალურ მონაცემთა დაცვა, გამოძიებული საქმეები და რეალურად, ჩვენ ვხედავთ დეპოლიტიზებულ სამსახურს, რომელიც თითოეული მოქალაქის სიცოცხლის და უფლებების დაცვისკენ არის მოწოდებული“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა დეპუტატებს წლიური ანგარიში გააცნო.