შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროპასთან და საქართველოსთან უფრო ახლოს მყოფმა თურქებმა ერდოღანს მხარი არ დაუჭირეს, - ამის შესახებ „ამერიკის ხმის“ ქართულ ბიუროსთან საუბარში „ატლანტიკური საბჭოს“ უფროსმა მკვლევარმა, მეთიუ ბრაიზამ განაცხადა.
ბრაიზა გამოეხმაურა თურქეთის ისტორიულ რეფერენდუმს და საკონსტიტუციო ცვლილებებს.
”თურქეთში საზოგადოება კარგა ხანია დაყოფილია, ჯერ კიდევ ბოლო საპარლამენტო არჩევნებიდან, როდესაც 2015 წლის ნოემბერში ეროღანის „სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ“ ხმების დაახლოებით 49.5% მიიღო. მას შემდეგ ქვეყანა ერდოღანის მომხრეებად და მოწინააღმდეგებადაა დაყოფილი. ეს დაყოფა ახლა უფრო მკვეთრი და ემოციური ხდება, რადგან მოწინააღმდეგეები რეფერენდუმის ლეგიტიმურობას აყენებენ კითხვის ნიშნის ქვეშ. რეფერენდუმის და მისი შედეგების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება კიდევ უფრო მეტად დაყოფს ისედაც პოლარიზებულ საზოგადოებას. თავის კარიერაში პირველად ერდოღანმა არჩევნები წააგო სამ უმსხვილეს ქალაქში - სტამბოლში, ანკარასა და იზმირში. რეფერენდუმის წინააღმდეგ ხმა მისცეს სანაპიროზე დასახლებულმა თურქებმა, ქურთებმა და საქართველოს მახლობელ რეგიონებში მცხოვრებმა თურქებმა. ეს ძალიან საინტერესო დაკვირვებაა. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროპასთან და საქართველოსთან უფრო ახლოს მყოფმა თურქებმა ერდოღანს მხარი არ დაუჭირეს”, - განაცხადა მეთიუ ბრაიზამ.
რაც შეეხება თავად რეფერენდუმს, მკვლევარის შეფასებით, ”თურქეთში დემოკრატია არ მომკვდარა”. ”რეფერენდუმის შედეგებს თუ შევხედავთ, ბევრი არაფერი შეცვლილა. ედროღანის ხელში ყველა ეს ძალაუფლება ისედაც იყო. მუსტაფა ქემალ ათა თურქის შემდეგ ამხელა ძალაუფლება არც ერთ თურქ ლიდერს არ ჰქონია. ახლა მთავარია როგორ გამოიყენებს ამ ძალაუფლებას ერდოღანი და რისკენ მიმართავს მას”, - აღნიშნა მეთიუ ბრაიზამ.