სოსო ფხაკაძე:  „აწარმოე საქართველოში“ გამოდგა ძალიან წარმატებული პროექტი“

სოსო ფხაკაძე: „აწარმოე საქართველოში“ გამოდგა ძალიან წარმატებული პროექტი“

„აბსოლუტურად ობიექტურად უნდა ვთქვთ, რომ პროექტი „აწარმოე საქართველოში“ გამოდგა, როგორც ძალიან წარმატებული პროექტი“ - ამის შესახებ „ვისოლი ჯგუფის“ დამფუძნებელმა სოსო ფხაკაძემ „აწარმოე საქართველოში“ ახალი სტრუქტურის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„დღეს მოვისმინეთ პროექტის პრეზენტაცია, რომელსაც დაემატა რამდენიმე კომპონენტი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ ბოლომდე აითვისა საექსპორტო პოტენციალი, რამეთუ არსებობს საინტერესო სავაჭრო ურთიერთობები და სავაჭრო გარიგებები რამდენიმე მნიშვნელოვან ქვეყანასთან, პირველ რიგში, ევროკავშირის ქვეყნებთან“ - განაცხადა ბიზნესმენმა.

სოსო ფხაკაძის შეფასებით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმ კომპონენტის დამატება, რომელიც მიმართულია  საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვისკენ. „ყველაფერთან ერთად, ეს პროგრამა ერთ-ერთი ფუნდამენტური ნაწილი იქნება ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკისა, რომელიც მიმართულია, უპირველეს ყოვლისა, სამუშაო ადგილების შესაქმნელად, უფრო მეტი ინვესტიციების მოსაძიებლად და ეკონომიკის შემდგომი განვითარებისათვის“ - აღნიშნა ფხაკაძემ.