2016 წელს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა გამოძიება სისხლის სამართლის 17 საქმეზე დაიწყო

2016 წელს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა გამოძიება სისხლის სამართლის 17 საქმეზე დაიწყო

2016 წლის განმავლობაში კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ, გამოძიება სისხლის სამართლის 17 საქმეზე დაიწყო. ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემულია 21 პირი, - ამის შესახებ სუს-ის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. 

გომელაურმა დეტალურად ისაუბრა 2016 წლის ერთ-ერთ გახმაურებულ საქმეზე, კერძოდ, ტერორისტული აქტის მომზადების ფაქტზე, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, საგურამოსთან ახლოს უნდა მომხდარიყო.

”2016 წლის 20 აგვისტოს ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადებისათვის და ტერორისტული მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, ტარების ფაქტზე, ბრალდებულის სახით დაკავებულია საქართველოს შვიდი მოქალაქე. გამოძიებით დადგინდა, რომ დასახელებული პირები ამზადებდნენ სოფელ საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთი-სომხეთის გაზსადენის ღია მონაკვეთის დაზიანებას, აფეთქებით. შვიდივე პირი მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში ბრალდებულის სახით სხვადასხვა კვალიფიკაციით. თბილისის საქალაქო სასამართლოში ამჟამად მიმდინარეობს საქმის არსებითი განხილვა.ხაზგასასმელია უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტების დაცულობის კუთხით გადადგმული ნაბიჯები.

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დამტკიცებულია სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტების ნუსხა, სულ 25 სუბიექტი. 2016 წლის განმავლობაში, ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა სამსახურსა და სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტებს შორის. ურთიერთანამშრომლობის ხელშეკრულების საფუძველზე უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი სათანადო დახმარებასა და კონსულტაციებს უწევს შესაბამის ორგანიზაციას სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის საკითხებთან დაკავშირებით”, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.