კორუმპირებული მოხელეები დანაშაულებრივი დაჯგუფებებისა და უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების პოტენციურ სამიზნეებს წარმოადგენენ

კორუმპირებული მოხელეები დანაშაულებრივი დაჯგუფებებისა და უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების პოტენციურ სამიზნეებს წარმოადგენენ

კორუმპირებული საჯარო მოხელეები დანაშაულებრივი დაჯგუფებებისა და უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების პოტენციურ სამიზნეებს წარმოადგენენ, - ამის შესახებ სუს-ის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. როგორც გომელაურმა აღნიშნა, სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში 2016 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, სავარაუდო კორუფციულ დანაშაულზე გამოძიება სისხლის სამართლის 47 საქმეზე დაიწყო.

”სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება კორუფციის წინაღმდეგ ბრძოლას. საჯარო უწყებებში კორუფციის არსებობა იწვევს მოქალაქეების მხრიდან სახელმწიფოსადმი ნდობის დაკარგვას, ხელს უშლის სახელმწიფოს დემოკრატიულ განვითარებას და მისი ინსტიტუტების გამართულ ფუნქციონირებას. ამასთანავე, კორუმპირებული საჯარო მოხელეები დანაშაულებრივი დაჯგუფებებისა და უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების პოტენციურ სამიზნეებს წარმოადგენენ. 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში 2016 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 47 საქმეზე, მათ შორის, ქრთამის აღების 22, ქრთამის მიცემის - 2, თაღლითობის - 8, კომერციული მოსყიდვის -5, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების 4, მითვისების ან გაფლანგვის 2, სამსახურებრივი გულგრილობის 2 და სხვა ცალკეულ დანაშაულებზე. ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ იქნა 59 პირი”, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.