გამოვლენილია უცხო ქვეყნების მოქალაქეები, რომელთა ქმედებებში იკვეთება უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან შესაძლო კავშირის ნიშნები

გამოვლენილია უცხო ქვეყნების მოქალაქეები, რომელთა ქმედებებში იკვეთება უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან შესაძლო კავშირის ნიშნები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, 2016 წელს სუს-ი აქტიურად საქმიანობდა კონტრდაზვერვითი მიმართულებით. როგორც გომელაურმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, გამოვლენილია უცხო ქვეყნების მოქალაქეები, რომელთა ქმედებებში იკვეთება უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან შესაძლო კავშირის ნიშნები. დადგენილია მათი კონტაქტები საქართველოს მოქალაქეებთან. 

”მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობდა საქართველოში მოქმედი უცხო ქვეყნების სადაზვერვო სამსახურების საქმიანობის, მათ მიერ გამოყენებული ძალებისა და საშუალებების, დაინტერესების ობიექტებისა და კავშირების შესწავლა, ასევე სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებების გამოვლენა და აღკვეთა. 

კონტრდაზვერვითი ამოცანების სრულყოფილი შესრულებისთვის ხორციელდებოდა ქვეყანაში შექმნილი ოპერატიული ვითარების მონიტორინგი. გამოვლენილია უცხო ქვეყნების მოქალაქეები, რომელთა ქმედებებში იკვეთება უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან შესაძლო კავშირის ნიშნები. დადგენილია მათი კონტაქტები საქართველოს მოქალაქეებთან. მიმდინარეობს აღნიშნული კონტინგენტის ოპერატიული შესწავლა, რათა დროულად აღიკვეთოს შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებები. სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურები სადაზვერვო ინფორმაციისა და შესაბამისად, სასურველი შედეგის მიღებას, არაძალისმიერი მეთოდების გამოყენებით, ე.წ. „რბილი ძალის“ კონცეფციის მიხედვით ცდილობენ. აღნიშნულის განეიტრალების მიზნით, კომპლექსურად და გეგმაზომიერად ტარდებოდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები საქმიანობაში ჩართული ძალებისა და მათი დაფინანსების წყაროების გამოსავლენად, ასევე, იმ პირთა დასადგენად, რომლებიც შესაძლოა თანამშრომლობდნენ უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან”, - განაცხადა გომელაურმა. 

მისივე თქმით, აქტიურად მიმდინარეობდა უსაფრთხოებისა და სადაზვერვო სისტემებიდან ინფორმაციის გადინებისა და ხსენებულ ორგანიზაციებში დეზინფორმაციის მოხვედრისა და გავრცელების პრევენცია, ჯაშუშების შეღწევის შესაძლო არხების გამოვლენა და შესაბამისი კონტრღონისძიებების გატარება.

”შეიარაღებული ძალების კონტრდაზვერვითი უზრუნველყოფის კუთხით, მიმდინარეობდა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან შესაძლო კავშირში მყოფ პირთა მუდმივი მონიტორინგი, ასევე ცალკეულ პირთა მიერ დესტრუქციული და ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის გამოვლენა და აღკვეთა. ამ მიმართულებით ოპერატიული ღონისძიებები ტარდება 99 პირის მიმართ.

გადაიდგა ქმედითი ნაბიჯები სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის კუთხით. დაიხვეწა საიდუმლოებაზე დაშვების მექანიზმები”, - განაცხადა სუს-ის უფროსმა.