აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში მიიჩნევენ, რომ საქართველოს ოფიციალური პირების კომენტარები აბსოლუტურად უადგილოა

აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში მიიჩნევენ, რომ საქართველოს ოფიციალური პირების კომენტარები აბსოლუტურად უადგილოა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში კომენტარი გააკეთეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ვიზიტთან დაკავშირებულ განცხადებებზე. 

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში მიიჩნევენ, რომ საქართველოს ოფიციალური პირების კომენტარები, რომლებიც გმობენ სერგეი ლავროვის ვიზიტს, აბსოლუტურად უადგილოა. 

„რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის აფხაზეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტი სრულად პასუხობს აფხაზეთისა და რუსეთის სახელმწიფო ურთიერთობებს და საერთაშორისო სამართლის ნორმებს შეესაბამება. შეგახსენებთ, რომ აფხაზეთსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის 9 სექტემბერს დამყარდა“, - ნათქვამია განცხადებაში. 

ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე აღნიშნავს, რომ „ქართულმა მხარემ უნდა შეწყვიტოს საკუთარი თავის და საერთაშორისო საზოგადოების მოტყუება და შეეშვას ისეთი მოძველებული ცნების, როგორიც არის „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა“, ჟონგლირებას და აღიაროს რეგიონში არსებული პოლიტიკური რეალობა“.