იმედია, საქართველო კიდევ ერთხელ არ შერცხვება, როგორც ევა გოცირიძის შემთხვევაში მოხდა

იმედია, საქართველო კიდევ ერთხელ არ შერცხვება, როგორც ევა გოცირიძის შემთხვევაში მოხდა

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეების მსურველი კანდიდატებიდან გიორგი პაპუაშვილის ვიცნობ და მთელი სულით და გულით ვგულშემატკივრობ, - ასე უპასუხა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა რურუამ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების შესახებ ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას.

როგორც ნიკა რურუამ აღნიშნა, იმედოვნებს, რომ საქართველო ”ისევე არ შერცხვება ახალი კანდიდატების წარდგენისას, როგორც ეს ევა გოცირიძის შემთხვევაში მოხდა”.

”გიორგი პაპუაშვილი ნამდვილად კარგი იურისტია, შემიძლია ვთქვა, რომ პროფესიონალი და წესიერი ადამიანია. სხვა კანდიდატებზე ვერაფერს ვიტყვი. იმედია, კიდევ ერთხელ არ შერცხვება საქართველო როგორც ევა გოცირიძის შემთხვევაში მოხდა. ამ კანდიდატებიდან პაპუაშვილს ვიცნობ და მთელი სულით და გულით ვგულშემატკივრობ”, - განაცხადა ნიკა რურუამ.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის სურვილი 68 კანდიდატმა გამოთქვა. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მოსამართლეობის მსურველთა სია გამოაქვეყნა. კანდიდატებს შორის არიან: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები თამარ ალანია და შოთა გეწაძე, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი და მისი ყოფილი მოადგილე კონსტანტინე ვარძელაშვილი, ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ლადო ჭანტურია, პრემიერ-მინისტრის თანამშემწე ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფიო ჯაფარიძე, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროპის საბჭოში კონსტანტინე კორკელია და ა.შ.