უმთავრეს პრიორიტეტს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია წარმოადგენს და ეს კურსი ჩვენი კონსტიტუციის მე-11 თავის 79-ე მუხლშიც ჩაიწერება

უმთავრეს პრიორიტეტს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია წარმოადგენს და ეს კურსი ჩვენი კონსტიტუციის მე-11 თავის 79-ე მუხლშიც ჩაიწერება

საგარეო კურსის თვალსაზრისით, როგორც მმართველ გუნდს, ასევე პოლიტიკური სპექტრის უმრავლესობას პოზიცია ჩამოყალიბებული აქვს - უმთავრეს პრიორიტეტს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია წარმოადგენს, რომელიც პარლამენტის გასული წლის ბოლოს მიღებულ რეზოლუციაში აისახა და ეს კურსი ჩვენი კონსტიტუციის მე-11 თავის 79-ე მუხლშიც ჩაიწერება“, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დაწყებისას გააკეთა.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნული მუხლის გარდამავალ დებულებებში ჩაწერის მიზეზიც განმარტა და აღნიშნა, რომ მიუხედავად მუხლის მნიშვნელობისა, იგი თავისი შინაარსით დროებით ამოცანას წარმოადგენს და მიზანშეწონილად ჩაითვალა გარდამავალ დებულებებში ანუ დროებითი რეგულაციების დამდგენ თავში შესაბამისი ჩანაწერის გაჩენა.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრა კონსტიტუციის მეექვე თავის (სასამართლო ხელისუფლება და პროკურატურა) 63-ე მუხლის (სამართალწარმოება) განხილვით გაგრძელდა.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია სამუშაო ჯგუფებში გამართულ შეხვედრებს გაერთიანებულ სხდომაზე შეაჯამებს, რომელზეც უკვე განხილული საკითხების კენჭისყრა მოხდება.

შემაჯამებელი სხდომის გამართვა კვირის ბოლოს იგეგმება.