თურქეთის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა უმაღლეს საარჩევნო კომისიას რეფერენდუმის შედეგების გაუქმების მოთხოვნით მიმართეს

თურქეთის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა უმაღლეს საარჩევნო კომისიას რეფერენდუმის შედეგების გაუქმების მოთხოვნით მიმართეს

თურქეთის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ქვეყნის უმაღლეს საარჩევნო კომისიას საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ კვირას გამართული რეფერენდუმის შედეგების გაუქმების მოთხოვნით მიმართეს.

აღნიშნულის შესახებ სააგენტო „როიტერს“ „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის მოადგილემ განუცხადა. საკუთარი მოთხოვნა პარტიამ იმით დაასაბუთა, რომ შედეგების დათვლისას გაითვალისწინეს ის ბიულეტენები, რომლებსაც ბეჭედი არ ერტყა.

თურქეთში საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე კვირას ჩატარებულ რეფერენდუმში არჩევნებში მონაწილეების 51,40%-მა მხარი დაუჭირა კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელებას.

ამომრჩევლებმა თურქეთის კონსტიტუციაში 18 ცვლილების შეტანას მისცეს ხმა. ცვლილებები მმართველმა - „სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ“ მოამზადა.

ცვლილებები მოიცავს: ქვეყნის საპარლამენტო სისტემიდან საპრეზიდენტოზე გადასვლას, პრემიერ-მინისტრის თანამდებობის გაუქმებას, საპარლამენტო მანდატების რაოდენობის 550-დან 600-მდე გაზრდას და თურქეთის უზენაესი სასამართლოსა და პროკურორების კოლეგიის რეფორმირებას.