საკონსტიტუციო ცვლილებით მივიღებთ ერთპარტიულ, არაპოლიტიკურ, ჩამორჩენილ, საბჭოთა, ჩრდილოკორეულ პარლამენტს

საკონსტიტუციო ცვლილებით მივიღებთ ერთპარტიულ, არაპოლიტიკურ, ჩამორჩენილ, საბჭოთა, ჩრდილოკორეულ პარლამენტს

”რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას ნეგატიურად აფასებს. როგორც ბერძენიშვილმა ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, ამ ცვლილებებით ხელისუფლება ცდილობს, რომ სართველოში შექმნას ერთპარტიული მმართველობა.

”საარჩევნო სისტემის ცვლილება იწვევს აბსოლუტურ მღელვარებას, რადგან ხელისუფლებამ ის სათავისოდ მოირგო, მათ შორის პროგრესულ ნაბიჯსაც უშნოდ დგამენ და პროგრესისგან არაფერი დარჩება. პროგრესულ ნაბიჯად მიმაჩნია გადასვლა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, თუმცა ამ გადაწყვეტილებას ახლავს ისეთი რამეები, რომლითაც ეს სწორი გადაწყვეტილება ხდება უაზრო და უსარგებლო. ვგულისხმობ იმას, რომ გამარჯვებულ პარტიას რჩება გაუნაწილებელი მანდატები, რაც არის ღრმად არასწორი ყველანაირი თვალსაზრისით. ასევე, ასეთ დროს ბარიერისა და ბლოკების აკრძალვის საკითხი მიუთითებს პირდაპირ იმაზე, რომ ”ქართული ოცნება” ცდილობს შექმნას ერთპარტიული სახელმწიფო. ტოტალიტარული სახელმწიფოებიც კი აღარ არიან ერთპარტიული. რატომ გადაუბრუნდათ ასე ტვინი, რატომ აშენებენ 21-ე საუკუნეში საბჭოთა კავშირს, გაუგებარია”, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

მისივე თქმით, ”საქართველოს კონსტიტუციის ჭრა-კერვის ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე ასეთი რამ, რასაც ახლა ვიღებთ, ჯერ არ გვქონია”.

”ვინ როდის იტყვის ბოიკოტს, ეს მეორე მნიშვნელობის ნაწილია. ჩვენ გვექნება ძალიან ცუდი კონსტიტუცია და ძალიან ცუდი პრაქტიკა. ჩვენ მივიღებთ პრინციპულად ერთპარტიულ, ანუ უპარტიო, ანუ არაპოლიტიკურ, ანუ ჩამორჩენილ, ანუ საბჭოთა, ანუ ჩრდილოკორეულ პარლამენტს”, - აღნიშნა ბერძენიშვილმა.

რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, იგი მიიჩნევს, რომ ეს უმრავლესობას სჭირდებოდა იმისთვის, რომ მთავარი პრობლემა დაემალა და საპარლამენტო არჩევნებიდან საზოგადოების ყურადღება გადაეტანა.

”იმ ვითარებაში, როდესაც კონსტიტუციით არ არის გარანტირებული პლურალიზმი, როდესაც თეორიულად არ არის გამორიცხული ერთპარტიული პარლამენტი, ამ ვითარებაში პრეზიდენტის არჩევა რაიმე კოლეგიის მხრიდან მიმაჩნია დაუშვებლად. ეს ნიშნავს, რომ პრეზიდენტი უბრალოდ დაინიშნება მმართველი პარტიის მიერ. პრეზიდენტს შესაძლოა ნიშნავდეს კოლეგია, რომელიც მრავალპარტიულია. ერთპარტიული საბჭოთა კავშირი ნიშნავდა უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს, გენერალური მდივანი იყო ყველაფერი. ჩვენ ახლა გვყავს გენერალური მდივანი, რომელიც თან კონსტიტუციის მიღმაა, არსად ჩანს კონსტიტუციუციაში საქართველოს მთავარი პირი ბიძინა ივანიშვილი და ყველამ იცის, რომ ისე უნდა მართოს ქვეყანა, რომ კონსტიტუცია მასზე იყოს მორგებული”, - განაცხადა ბერძენიშვილმა.