კახა გოგოლაშვილი:   თურქეთი ხდება ავტორიტარული სახელმწიფო და ეს არის საგანგაშო

კახა გოგოლაშვილი: თურქეთი ხდება ავტორიტარული სახელმწიფო და ეს არის საგანგაშო

თურქეთი ხდება ავტორიტარული სახელმწიფო ანუ უარს ამბობს ლიბერალურ მოდელზე და ეს არის საგანგაშო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ექსპერტმა კახა გოგოლაშვილმა თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შეფასებისას განუცხადა.

კახა გოგოლაშვილის განცხადებით, რეფერენდუმის შედეგებზე რეაქციები დასავლეთში და თურქეთშიც არის საკმაოდ მკვეთრი.

მისი განმარტებით, შედეგები საქართველოსთვისაც არ არის კარგი, გამომდინარე იქიდან, რომ თურქეთთან ურთიერთობა განისაზღვრება არა მხოლოდ როგორც მეზობელთან ურთიერთობით, არამედ საქართველოს ევროატლანტიკური და ევროპული მისწრაფებების კუთხით.

„როგორც ჩანს, ჯერჯერობით, თურქეთის ნატო-ში ყოფნას არაფერი ემუქრება იმიტომ, რომ როგორც დასავლეთში ზოგიერთი ანალიტიკოსი აცხადებს, თურქეთი მაშინაც კი იყო ნატო-ს წევრი, როდესაც კიდევ უფრო ნაკლებად დემოკრატიულ სახელმწიფოს წარმოადგენდა. მეორეს მხრივ, თურქეთი ალბათ, გააგრძელებს ჩვენს მხარდაჭერას ნატო-ში გასაწევრიანებლად თუ, რა თქმა უნდა, არ გაგვიფუჭდა ურთიერთობები.

ყოველთვის სარისკოა ურთიერთობა ავტორიტარულ სახელმწიფოსთან, რომელსაც შეუძლია, თავისი ავტორიტარიზმი გადაიტანოს საგარეო ურთიერთობებში და შეეცადოს, საქართველოს უკარნახოს, განუსაზღვროს შიდა ან გარე პოლიტიკური საკითხები. მაგალითად, ვხედავთ მეზობელი რუსეთი, ავტორიტარული სახელმწიფო როგორ ერევა ჩვენს შიდა საქმეებში და როგორ ავიწროებს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას. ამ შემთხვევაშიც თურქეთის დემოკრატიული გზიდან სერიოზულად გადახვევის ნიშნები არსებობს იმიტომ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ძალიან დიდ ძალაუფლებას აძლევს პრეზიდენტს. მას შეუძლია დაშალოს პარლამენტი, მაშინ როცა პარლამენტს არ შეუძლია პრეზიდენტის იმპიჩმენტი. პრაქტიკულად, ერთმმართველი ხდება. გარდა ამისა, ოპოზიციური აზრის მქონე ადამიანები ძალიან შეავიწროვეს - ზოგი დააპატიმრეს და ზოგიც გაიქცა ქვეყნიდან. ასპარეზი გახსნილი აქვს ავტორიტარიზმს თურქეთში და ეს, რა თქმა უნდა, სახიფათოა“, - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.

რაც შეეხება უშუალოდ, რეფერენდუმის შედეგებს, კახა გოგოლაშვილი ფიქრობს, რომ ერდოღანმა რეფერენდუმი ძალიან მცირე პროცენტით მოიგო და ისიც „რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებზე ფსიქოლოგიური წნეხით“.

„რეგიონებში ძალიან დიდია ფსიქოროლიური ზეწოლა. „პუტჩის“ შემდეგ, რაც გამოცხადდა „ეშმაკებზე ნადირობა“, წნეხი ადგება მოსახლეობას. დიდ ქალაქებში უფრო მეტია განათლების დონე, დემოკრატიზაციისკენ მისწრაფება და უფრო ადვილია აზრის გამოხატვაც. ეს თურქეთის დიდ ქალაქებში დაფიქსირებული შედეგებითაც ჩანს. ფაქტი, რომ ერდორანმა ძალიან მცირე პროცენტით მოიგო რეფერენდუმი, იმის იმედს იძლევა, რომ თურქეთში დემოკრატიული ძალები არსებობს და შესაძლებელია მათი გაძლიერება“, - განაცხადა ექსპერტმა.