თურქეთის მმართველი ძალის იდეოლოგია გულისხმობს ოსმალეთის იმპერიის გავლენის აღდგენას იმ სივრცეში, რომელშიც იყო, მათ შორის სირიაში, ერაყში, ბალკანეთისა და კავკასიის რეგიონებში

თურქეთის მმართველი ძალის იდეოლოგია გულისხმობს ოსმალეთის იმპერიის გავლენის აღდგენას იმ სივრცეში, რომელშიც იყო, მათ შორის სირიაში, ერაყში, ბალკანეთისა და კავკასიის რეგიონებში

თურქეთის საკონსტიტუციო ცვლილებები საქართველოსთვის პირდაპირი ხიფათის შემცველი არ არის, მაგრამ აღნიშნული თურქეთის ხელისუფლებას აძლევს საშუალებას, განახორციელოს პანოსმალისტური პოლიტიკა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ექსპერტმა მამუკა არეშიძემ თურქეთში ჩატარებულ რეფერენდუმზე საუბრისას განუცხადა.

მამუკა არეშიძის განმარტებით, პანოსმალისტური იდეოლოგია გულისხმობს ოსმალეთის იმპერიის გავლენის აღდგენას ისეთ ქვეყნებთან მიმართებაში, როგორიცაა სირია და ერაყი, ასევე ბალკანეთისა და კავკასიის რეგიონები.

„ჩვენ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომელი პოლიტიკური იდეოლოგიის წარმომადგენელია მმართველი ძალა თურქეთში. ამ პოლიტიკურ იდეოლოგიას ჰქვია პანოსმალიზმი. თუ ადრე არსებობდა იდეოლოგია პანთურქიზმი, რომლის ერთ-ერთი მამამთავარი ქემალ ათა-თურქი იყო, ერდოღანის მმართველობის მეორე ნახევარში, დაახლოებით, 2000 წლებიდან ეს შეიცვალა პანოსმალისტური იდეოლოგიით, რაც გულისხმობს ოსმალეთის იმპერიის გავლენის აღდგენას იმ სივრცეში, რომელშიც იყო. იგულისხმება ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა სირია, ერაყი, ბალკანეთის და კავკასიის რეგიონები და სხვა. ეს გავლენა არ გულისხმობს, მხოლოდ სამხედრო ძალების გამოყენებას, ეს გულისხმობს ჯერ ეკონომიკური და ჰუმანიტარული, შემდეგ კი პოლიტიკური გავლენების გაძლიერებას. ჩვენ ამას ვხედავთ ჩვენს ყოველდღიურობაში თურქეთის ქმედების მიხედვით, იგივე ერაყსა და სირიაში, ასევე თურქეთს საქართველოს ტერიტორიაზეც აქვს გარკვეული მიდგომები, განსაკუთრებით აჭარაში“, - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

როგორც ექსპერტმა აღნიშნა, რეფერენდუმის შედეგები არ არის საერთო თურქული საზოგადოების განწყობა.

„საკონსტიტუციო ცვლილებები ორიენტირებულია ერდოღანის ხელისუფლებაში დარჩენაზე. ასეთი რამ სამწუხაროდ, ხდება ხოლმე ზოგიერთ ქვეყანაში - რუსეთშიც იგივე მოხდა თავის დროზე. ეს ყოველთვის ინიღბება ხოლმე მაღალფარდოვანი ფრაზებით - ერსა და სახელმწიფოზე ზრუნვის მოტივით, მაგრამ სინამდვილეში ეს არის ძალაუფლების შენარჩუნების სურვილი.

მიუხედავად იმისა, რომ რეფერენდუმმა გამარჯვება მოუტანა ერდოღანს, მაინც არ შეიძლება ითქვას, რომ ეს არის საერთო თურქული საზოგადოების განწყობის გამოხატვა იმიტომ, რომ ძალიან დაბალი პროცენტით მოიგო, მითუმეტეს, წააგო ყველა დიდ ქალაქში, მათ შორის, სტამბულსა და ანკარაში. პრაქტიკულად მოიგო რეგიონების ხარჯზე, საუბრობენ ასევე გაყალბებასა და სამხედროების მანიპულაციების საკითხზე, მაგრამ ეს არ ცვლის შედეგს“, - განაცხადა მამუკა არეშიძემ.