ჩვენ ვერ დავთანხმდებით იმას, რომ საქართველოს პარლამენტი 90-იანი წლების პარლამენტს დაემსგავსოს

ჩვენ ვერ დავთანხმდებით იმას, რომ საქართველოს პარლამენტი 90-იანი წლების პარლამენტს დაემსგავსოს

საარჩევნო ბარიერის შემცირებასთან დაკავშირებით, ჩვენ ვერ დავთანხმდებით იმას, რომ საქართველოს პარლამენტი 90-იანი წლების პარლამენტს დაემსგავსოს, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ საარჩევნო სისტემის მიმართულებით კონსტიტუციაში განსახორციელებელ ცვლილებებზე საუბრისას განუცხადა.

მაჟორიტარული არჩევნების გაუქმების საკითხზე ვოლსკი ფიქრობს, რომ ქვეყნის სტაბილობისათვის უმჯობესია მაჟორიტარული სისტემა, ვიდრე პროპორციული, მაგრამ აქვე იმასაც ამბობს, რომ “შიდასახელწიფოებრივი კონსენსუსის მისაღწევად აუცილებელია პროპორციული სისტემის განხილვა“.

„საზოგადოება და ქვეყანა დაინტერესებულია იმით, რომ სტაბილური მთავრობა ჰყავდეს და ეს არ გახდეს გარკვეული პოლიტიკური გაუგებრობებისა და და პოლიტიკური თამაშების შემადგენელი ნაწილი. ჩვენს ქვეყანას სტაბილურობა სჭირდება და ნებისმიერ გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენი გუნდი იღებს, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეობს. ძალიან არასწორია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას მხარს მაჟორიტარი დეპუტატები არ უჭერენ, თითქოს მაჟორიტარების ინტერესებშია მუდმივად დარჩნენ მაჟორიტარებად და ისინი არიან დაინტერესებული იმაში, რომ თავისი მაჟორიტარული ოლქი შეინაჩუნონ, რაც არის რეალობის დამახინჯება. მე, როგორც მაჟორიტარი დეპუტატი, ვფიქრობ, რომ მაჟორიტარული სისტემა და კონკრეტული ადამიანის პასუხისმგებლობა კონკრეტული საარჩევნო ოლქის მაცხოვრებლებთან არის მნიშვნელოვანი. აშშ-ი ამის ძალიან კარგი და თვალსაჩინო მაგალითია, მაგრამ თუ ჩვენ გვინდა სტაბულობის თემაზე მეტი ვილაპარაკოთ და შიდასახელმწიფოებრივ კონსენსუსს მივაღწიოთ, აუცილებლად უნდა განვიხილოთ პროპორციული სისტემა“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ამასთან, ვოლსკი ვერ აკონკრეტებს, რა ვადებში და რომელი არჩევნებისათვის მოხდება კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების ამოქმედება. მისი თქმით, ვადების საკითხი განხილვის საგანია.

კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებებით, უქმდება მაჟორიტარული სისტემა და პარლამენტი პროპორციული სისტემით აირჩევა. ამასთან, „ქართული ოცნება“ გამოდის საკონსტიტუციო ინიციატივით, რომელიც ყველა ე.წ. გადაუნაწილებელი მანდატის გამარჯვებული პარტიისთვის მიკუთვნებას და ასევე, საარჩევნო ბლოკების შექმნის აკრძალვას ითვალისწინებს. აღნიშნულს ოპოზიცია აპროტესტებს, რომელიც მმართველი გუნდის საპასუხოდ 5 %-იანი ბარიერის შემცირებას ითხოვს, თუმცა აღნიშნულს, თავის მხრივ არ თანხმდება „ქართული ოცნება“.