სპარსეთის ყურესა და შავ ზღვას შორის კორიდორის აშენების შემთხვევაში, სამყარო ერთამენთთან კიდევ უფრო დაახლოვდება

სპარსეთის ყურესა და შავ ზღვას შორის კორიდორის აშენების შემთხვევაში, სამყარო ერთამენთთან კიდევ უფრო დაახლოვდება

სპარსეთის ყურესა და შავ ზღვას შორის კორიდორის აშენების შესაძლებლობის განხორციელების შემთხვევაში, სამყარო კიდევ უფრო დაახლოვდება ერთამენთთან, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამედ ჯავად ზარიფიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, კორიდორის აშენების შემთხვევაში გადაზიდვის საფასური ბევრად უფრო ნაკლები გახდება.

ზარიფის განმარტებით, საქართველოს, ირანის, აზერბაიჯანის და სომხეთის ერთობლივი თანამშრომლობა აუცილებელია აღნიშნულის განხორციელებისთვის.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა პრესკონფერენციაზე ქართველ კოლეგასთან გამართული შეხვედრის დეტალებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია.

”ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი კავშირები, რომელიც რამდენიმე საუკუნის წინ იღებს სათავეს. ჩვენ გვყავს ირანული თემები საქართველოში და ქართული თემები ირანში. ძალიან იზრდება საქართველოში ჩამოსულ სტუდენტთა რიცხვი - რაოდენობა თითქმის ხუთჯერ გაიზარდა და ეს ყველაფერი ადამიანთა შორის კონტაქტების გაუმჯობესებას უწყობს ხელს. იმედი გვაქვს, ეს ყველაფერი კიდევ უფრო დაგვაახლოვებს, იმედია კიდევ უფრო დავახლოვდებით, ვიდრე ეს ადრე იყო, რამდენიმე წლის წინ. შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ თანამშრომლობა, რომელიც საქართველოს და ირანს შორისაა ან შეიძლება დაიწყოს ტრანზიტის სფეროში, მრეწველობაში, წარმოებაში, მეცნიერებაში, ტექნოლოგიებში და საერთაშორისო ორგანიზაციებში, რეგიონულ საკითხებში გარკვეულ საკითხებში თანამშრომლობაში. მე მიმაჩნია, რომ შესაძლებობი არის ძალიან დიდი, სპარსეთის ყურესა და შავ ზღვას შორის კორიდორის აშენების შესაძლებლობის განხორციელების შემთხვევაში საერთოდ სამყარო კიდევ უფრო დაახლოვდება ერთმანეთთან და გადაზიდვის საფასური ბევრად უფრო ნაკლები გახდება ამ კორიდორზე. საქართველოს, ირანის, აზერბაიჯანის, სომხეთის ერთობლივი თანამშრომლობა აუცილებელია ამის განხორციელებისთვის”, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მან ხაზი გაუსვა ირანისა და საქართველოს შორის თანამშრომლობას ტექნოლოგიების წარმოების მიმართულებითაც. მინისტრის თქმით, დღეს სხვადასხვა შეხვედრაზე საუბარი შეეხება იმას, რომ ირანულ და ქართულ ბანკებს შორის ტრანზაქციების განხორციელება გამარტივდეს. მისი თქმით, ეს გააუმჯობესებს ბიზნესებს შორის თანამშრომლობას. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში იმყოფებიან ირანელი ბიზნესმენები, რომლებიც დღეს შეხვედრას გამართავენ ქართული ბიზნესის წარმომადგენლებთან, ასევე ეკონომიკის სფეროს წარმომადგენლებთან, რაც მისი თქმით, ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ბიზნესში ურთიერთობის გამყარებას.