რეჯეფ თაიფ ერდოღანი ეუთო-ს:   იცოდეთ თქვენი ადგილი

რეჯეფ თაიფ ერდოღანი ეუთო-ს: იცოდეთ თქვენი ადგილი

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, „ეუთო-მ თავისი ადგილი უნდა იცოდეს“. აღნიშნულის შესახებ სააგენტო Associated Press იუწყება.

„პირველ რიგში, იცოდეთ თქვენი ადგილი! ჩვენ ყურს არ ვუგდებთ პოლიტიკურად მოტივირებულ ანგარიშებს, რომელსაც თქვენ ამზადებთ“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, „კვირას ჩატარებული რეფერენდუმი ყველაზე დემოკრატიული არჩევნები იყო, რაც კი ოდესმე ჩატარებულა დასავლეთში“.

აღსანიშნავია, რომ ეუთო-ს განცხადებით, კვირას საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ ჩატარებული რეფერენდუმი არ შეესაბამებოდა ევროპის საბჭოს სტანდარტებს. საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნით, რეფერენდუმის ტექნიკური მხარე კარგად იყო ორგანიზებული, თუმცა ამომრჩევლებს არ მიაწოდეს მიუკერძოებელი ინფორმაცია რეფორმის ძირითად დებულებებზე.

თურქეთში საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე კვირას ჩატარებულ რეფერენდუმში არჩევნებში მონაწილეების 51,40%-მა მხარი დაუჭირა კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელებას.

ამომრჩევლებმა თურქეთის კონსტიტუციაში 18 ცვლილების შეტანას მისცეს ხმა. ცვლილებები მმართველმა - „სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ“ მოამზადა.

ცვლილებები მოიცავს: ქვეყნის საპარლამენტო სისტემიდან საპრეზიდენტოზე გადასვლას, პრემიერ-მინისტრის თანამდებობის გაუქმებას, საპარლამენტო მანდატების რაოდენობის 550-დან 600-მდე გაზრდას და თურქეთის უზენაესი სასამართლოსა და პროკურორების კოლეგიის რეფორმირებას.