დონალდ ტრამპმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები მიულოცა

დონალდ ტრამპმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები მიულოცა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თურქ კოლეგას რეჯეფ თაიფ ერდოღანს თურქეთში, 16 აპრილს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები მიულოცა. პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გუშინ შედგა. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა „ერდოღანს რეფერენდუმში გამარჯვება მიულოცა და მასთან აშშ-ის მიერ სირიის რეჟიმზე განხორციელებული საჰაერო დარტყმები განიხილა“.

აშშ-ის პრეზიდენტმა „მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ერდოღანს სირიაში ავიაბაზაზე მიტანილი საჰაერო დარტყმების მხარდაჭერისთვის“.

„ორი ქვეყნის ლიდერი შეთანხმდა ასადის პასუხისმგებლობაში მიცემის მნიშვნელობაზე. პრეზიდენტებმა ასევე განიხილეს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ სამხედრო კამპანია და ყველა იმ დაჯგუფებების წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობა, რომლებიც ტერორიზმს იყენებენ თავიანთი მიზნების მისაღწევად“, - აღნიშნეს თეთრ სახლში.

თურქეთში საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე კვირას ჩატარებულ რეფერენდუმში არჩევნებში მონაწილეების 51,40%-მა მხარი დაუჭირა კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელებას.

ამომრჩევლებმა თურქეთის კონსტიტუციაში 18 ცვლილების შეტანას მისცეს ხმა. ცვლილებები მმართველმა - „სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ“ მოამზადა.

ცვლილებები მოიცავს: ქვეყნის საპარლამენტო სისტემიდან საპრეზიდენტოზე გადასვლას, პრემიერ-მინისტრის თანამდებობის გაუქმებას, საპარლამენტო მანდატების რაოდენობის 550-დან 600-მდე გაზრდას და თურქეთის უზენაესი სასამართლოსა და პროკურორების კოლეგიის რეფორმირებას.