მაიკლ პენსი: აშშ ჩრდილოეთ კორეასთან მოვლენათა ნებისმიერი განვითარებისთვის მზად არის

მაიკლ პენსი: აშშ ჩრდილოეთ კორეასთან მოვლენათა ნებისმიერი განვითარებისთვის მზად არის

აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის მაილკ პენსის განცხადებით, ვაშინგტონი მზად არის ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებაში მოვლენათა ნებისმიერი განვითარებისთვის. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. 

"ჩვენ არაფერს გამოვრიცხავთ და განვაგრძობთ სამხრეთ კორეის ხალხთან მხარდამხარ დგომას“, - განაცხადა პენსმა. მისივე თქმით, აშშ ისწრაფვის ვითარების მშვიდობიანი გზით დარეგულირებისკენ მოლაპარაკებების გზით. 

ამერიკის ვიცეპრეზიდენტმა ეს განცხადება სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის საზღვარზე გააკეთა. ის იმყოფებოდა დემილიტარიზებული ზონის უშუალო სიახლოვეს, რომელიც კორეის ნახევარკუნძულს ჰყოფს, სადაც ამერიკელი ჯარისკაცების კონტროლს ქვეშ მყოფი გაეროს სამეთაურო პუნქტი „ბონიფასი“ მდებარეობს. 

ვაშინგტონსა და ფხენიანს შორის ურთიერთობა გაზაფხულის დასაწყისში მას შემდეგ დაიძაბა, რაც ჩრდილოეთ კორეამ ოთხი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა, რასაც იაპონიაში ამერიკული ბაზებზე დარტყმის რეპეტიცია უწოდა. ბოლო დღეებში აშშ-მა და ჩრდილოეთ კორეამ ერთმანეთის მისამართით მკვეთრი განცხადებები გააკეთეს. ჩრდილოეთ კორეამ ამერიკა გააფრთხილა, რომ აშშ-ს მიერ ბირთვული დარტყმის შემთხვევაში ასეთივე დარტყმით უპასუხებს. ამერიკის პრეზიდენტმა ჩრდილოეთ კორეის პრობლემის მოგვარების პირობა დადო და ამერიკის ფლოტი კორეის ნახევარკუნძულისკენ გაგზავნა. ამას ჩრდილოეთ კორეის მხრიდან კიდევ ერთი რაკეტის გაშვება მოჰყვა, რაც უშედეგო გამოდგა.