თურქეთმა მისი დემოკრატიის ისტორიაში ახალი ფურცელი გადაშალა

თურქეთმა მისი დემოკრატიის ისტორიაში ახალი ფურცელი გადაშალა

თურქეთმა თავისი დემოკრატიის ისტორიაში ახალი ფურცელი გადაშალა, - ამის შესახებ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა მხარდამჭერებთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

„ჩვენ ძმები და დები ვართ. ჩვენ ერთი ერი ვართ. ამ რეფერენდუმზე არავინაა დამარცხებული“, - აღნიშნა მან.

მისი თქმით, თურქმა ხალხმა დაამტკიცა, რომ არანაირი მუქარების წინაშე არ დახრის თავს. 

„ამ ქვეყანამ, ამ ერმა დაამტკიცა, რომ არანაირი მუქარის, არანაირი გარე ჩარევების წინაშე მეტი აღარ დახრის თავს“, - განაცხადა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა. 

„ეს ხალხის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა. ჩვენი დემოკრატიის ისტორიაში ახალი ფურცელი გადაიშალა. ამ რეფერენდუმში არავინაა დამარცხებული. სრულიად თურქი ერი გამარჯვებულად გამოვიდა“, - დასძინა მან. 

დღეს თურქეთში საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ რეფერენდუმი გაიმართა. ამომრჩევლებმა თურქეთის კონსტიტუციაში 18 ცვლილების შეტანას მისცა ხმა. ცვლილებები მმართველმა - „სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ“ მოამზადა. 

ცვლილებები მოიცავს: ქვეყნის საპარლამენტო სისტემიდან საპრეზიდენტოზე გადასვლას, პრემიერ-მინისტრის თანამდებობის გაუქმებას, საპარლამენტო მანდატების რაოდენობის 550-დან 600-მდე გაზრდას და თურქეთის უზენაესი სასამართლოსა და პროკურორების კოლეგიის რეფორმირებას.