თურქეთის ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით რეფერენდუმის შედეგების გასაჩივრებას აპირებს. აღნიშნულის შესახებ ოპოზიციური „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის მოადგილე ერდალ აქსიუნღერიმ განაცხადა.
ამ მომენტისთვის ბიულეტენთა 99,99%-ის დამუშავების შემდეგ, კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის მომხრეები იმარჯვებენ. კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას ამომრჩეველთა 51,34% უჭერს მხარს.
„საარჩევნო უბნების 37%-თან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს პრეტენზიები, თუმცა ჯერ ყველა ბიულეტენი დამუშავებული არ არის და პრობლემური საარჩევნო უბნების რაოდენობა შესაძლოა 60%-მდე გაიზარდოს“, - აღნიშნა ერდალ აქსიუნღერიმ.
დღეს თურქეთში საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ რეფერენდუმი გაიმართა. ამომრჩევლებმა თურქეთის კონსტიტუციაში 18 ცვლილების შეტანას მისცა ხმა. ცვლილებები მმართველმა - „სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ“ მოამზადა.
ცვლილებები მოიცავს: ქვეყნის საპარლამენტო სისტემიდან საპრეზიდენტოზე გადასვლას, პრემიერ-მინისტრის თანამდებობის გაუქმებას, საპარლამენტო მანდატების რაოდენობის 550-დან 600-მდე გაზრდას და თურქეთის უზენაესი სასამართლოსა და პროკურორების კოლეგიის რეფორმირებას.