უმრავლესობის დეპუტატი რესპუბლიკელების ლიდერს არ ურჩევს მღვრიე წყალში თევზის დაჭერას

უმრავლესობის დეპუტატი რესპუბლიკელების ლიდერს არ ურჩევს მღვრიე წყალში თევზის დაჭერას

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი რესპუბლიკელ ლევან ბერძენიშვილს მეტი ზრდილობისაკენ მოუწოდებს.

"შემიძლია ერთი რამ გადაჭრით გითხრათ, რომ უზრდელობას და უკმეხობას საზღვარი არ აქვს ჩვენი ოპონენტების მხრიდან. მე შემიძლია პირდაპირ ვქთვა, რომ ეს არის ზღვარგადასული, ვაიექსპერტებისაგან წამოსული და უზრდელობის მორევი, რომელსაც ისინი აფრქვევენ. მათ არ მოსწონთ ირაკლი კობახიძე, რადგან სადაც ირაკლი კობახიძეა და არის მისი გუნდი, იქ წყალი არ იმღვრევა, ხოლო ასეთი ადამიანები სწორედ მღვრიე წყალში ცდილობენ თევზის დაჭერას. რეალურად, ირაკლი კობახიძე არის ის პოლიტიკოსიტ, რომელმაც შეძლო და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობა იმ ჩარჩოში მოაქცია, რომელიც შედეგზე ორიენტირებულია და რომლის მუშაობის შედეგადაც შეიქმნება ძალიან კარგი კონსტიტუცია, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას", – უთხრა "პირველს"დავით მათიკაშვილმა.

რესპუბლიკური პარტიის წევრმა ლევან ბერძენიშვილმა განსხვავებულ აქცენტებში პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისადმი დამოკიდებულება გააკრიტიკა და მას "გაუნათლებელი" უწოდა.

"პარლამენტის თავმჯდომარეს, არ უყვარს პრეზიდენტი, ეს გასაგებია. მიდის პრეზიდენტი მასთან სტუმრად, არ უყურებს სახეში და გვერდით იხედება. ჩვენ ვამბობთ, რომ სახლში არ არის გაზრდილი. რომ ესწავლა ვაჟა ფშაველას სტუმარ-მასპინძელი მაინც, ეცოდინებოდა, რომ სტუმარი რომ მოდის, პრეზიდენტი, კაცი კი არა, უბრალოდ სტუმარი, იმას უნდა შეხვდე. ჩვენი განათლება ამას გვასწავლის, ის უბრალოდ გაუნათლებელია. არა მარტო ირაკლი კობახიძე, ჩვენი მთავარი პრობლემა ეს არის", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.